LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლე ექიმებისთვის – რა იცვლება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების წესში

713
ექიმები

ექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვები უქმდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში მთავრობამ უკვე წარადგინა.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ მოქმედი კანონის მიხედვით, თუ პირი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფით შეფასებას მიიღებს, მას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით გასვლის უფლება მხოლოდ ორჯერ აქვს, ამასთან, გამოცდებს შორის 6-თვიანი სავალდებულო ინტერვალი უნდა დაიცვას.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით კი ეს შეზღუდვები, როგორც განმეორებით გასვლის რაოდენობაზე, ისე 6-თვიან პერიოდზე, სრულად უქმდება. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ, გამოცდის ჩატარების დადგენილი განრიგის შესაბამისად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში განმეორებით მიიღოს მონაწილეობა.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეზღუდვის მოხსნა არ აქვეითებს შეფასების სტანდარტს, რადგან დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაზე დაშვება მაინც მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მოხდება.

უწყების განმარტებით, როდესაც პირის პროფესიული მზაობის შემოწმება შესაძლებელია მის მიერ შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარებით, არსებული შეზღუდვა იმ ფარგლებს სცდება, რაც აუცილებელია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მიზნის მისაღწევად.

„საექიმო საქმიანობის სათანადო ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზანი უზრუნველყოფილია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების სავალდებულო მოთხოვნით. პირი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას ვერ მოიპოვებს, ვიდრე იგი შესაბამის ცოდნასა და პროფესიულ კომპეტენცია გამოცდით არ დაადასტურებს.

შესაბამისად, გამოცდაზე განმეორებით გასვლის პერიოდულობის შეზღუდვის გაუქმება არ ამცირებს პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების სტანდარტს და არ წარმოშობს არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაზე დაშვების რისკს“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“