“საია”-ს ინფორმაციით, საარჩევნო აგიტაციაში აქტიურად არიან ჩართული სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები/ მოქალაქეობის არმქონე პირები: სალომე ზურაბიშვილის შვილი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდის დაკვირვებას განაგრძობს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ პერიოდში იკვეთება, როგორც უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები აქტიურად მონაწილეობენ კამპანიაში, ასევე გრძელდება საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეების/მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობა კამპანიაში და ქსენოფობიური განცხადებები – აგიტაციაში აქტიურად არიან ჩართულები სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები. კერძოდ:
– ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი აქტიურად მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. მისი განცხადებით კანდიდატი აუცილებლად მოიგებს და ეს იქნება გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის. მისივე განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს.
– კამპანიაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილიც. აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის გარდა (მიხეილ სააკაშვილი 2016-2017 წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში და საიას არაერთი განცხადებისა და საჩივრის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი მონაწილეობა აგიტაციაში სამართალდარღვევად არ ჩათვალა), იგი 2018 წლის 4 ნოემბერს სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სიძულვილის ენასაც იყენებს. მიხეილ სააკაშვილი ბანგლადეშელი და ინდუსი ტურისტების მიმართ იყენებს სიტყვა ,,ჯღანს“, რასაც ქართულ ენაში უარყოფითი შინაარსი აქვს. აღსანიშნავია, რომ სიტყვა „ჯღანის“ წარმოთქმის წინ სააკაშვილი იხდის ბოდიშს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ იგი აღნიშნულ სიტყვას სრულიად გააზრებულად, ნეგატიური შინაარსით იყენებს.
კონკრეტული ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მოხსენიება ნეგატიური ლექსიკით წარმოადგენს ქსენოფობიური ხასიათის სიძულვილის ენას. ამგვარი განცხადება ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას და, საბოლოო ჯამში, ახდენს სიძულვილის კულტივირებას. ბანგლადეშელებისა და ინდუსების ,,ჯღანად“ მოხსენიებით მესამე პრეზიდენტის განცხადება გასცდა ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებით ლეგიტიმური დისკუსიის ფარგლებს და აშკარად ქსენოფობიური ხასიათი შეიძინა“ – ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართონ საარჩევნო კამპანია და საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების შემცველი განცხადებები.
ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ შეისწავლოს უკანონო აგიტაციის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.