პენტაგონმა ოფიციალურად გაასაჯაროვა სამი ვიდეო, რომლებზეც ,,ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია” აღბეჭდილი. აღნიშნული ვიდეოები უფრო ადრე, 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის მარტის ინტერვალში ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, The Stars Academy of Arts & Sciences გაასაჯაროვა, რომელიც ამოუცნობ საჰაერო ფენომენს შეისწავლის. თუმცა, აქამდე ვიდეოების ავთენტურობა დადასტურებული არ იყო. მათში ასახულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მოძრაობა, რომლებიც ინფრაწითელმა კამერებმა დააფიქსირეს. ვიდეოებში ისმის სამხედრო მოსამსახურეების საუბარი, რომლებიც აღტაცებული არიან ობიექტების მოძრაობის სიჩქარით. ერთ-ერთი ხმა გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს ობიექტები დრონებია.
პენტაგონის სპიკერის, სიუ გოუს განცხადებით, ვიდეოების გასაჯაროვების მიზეზი არის სურვილი, თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოების ეჭვები და ინტერპრეტაციები ვიდეოების ნამდვილობაზე და იმაზე, ხომ არ შეიცავდა ვიდეოები უფრო მეტ მასალას, ვიდრე ეს ადრე გამოქვეყნებულ მასალებში იყო ნაჩვენები.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის სამხედრო ძალებს ამ დროისათვის აქვთ ფორმალური გაიდლაინები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აცნობოს პილოტმა ზემდგომებს შესაძლო ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შესახებ.
ერთ-ერთი სამხედრო პილოტი, რომელმაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 2004 წელს იხილა, 2017 წელს აღნიშნულთან დაკავშირებით,,სიენენს” ესაუბრა და განაცხადა, რომ ობიექტი მოძრაობდა უცნაური ტრაექტორიით, როგორიც მას აქამდე არ უნახავს.
პენტაგონს 2007 წლიდან ჰქონდა სპეციალური პროგრამა, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ეძებდა და აკვირდებოდა. აღნიშნული პროგრამა გასაიდუმლოებული გახლდათ და 2012 წელს დაიხურა, რადგან სხვა მიმართულების დაფინანსება უფრო პრიორიტეტულად მიიჩნიეს.
აღნიშნული საიდუმლო პროგრამის ყოფილ ხელმძღვანელს, ლუის ელიზონდოს მიაჩნია, რომ ,,არსებობს ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებები, დასტური იმისა, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ”.
,,ამ ხომალდს, ვუწოდოთ მას ხომალდი – გააჩნია ისეთი მახასიათებლები, როგორიც არ გააჩნია არც აშშ-ის ხელთ არსებულ და არც რომელიმე სხვა ქვეყნის ჩვენთვის ცნობილი ხომალდის მოდელს“- აცხადებს ის.
ნევადის ყოფილი სენატორი ჰარი რიდი, რომლის ძალისხმევითაც პენტაგონმა აღნიშნული საიდუმლო პროგრამა დააფინანსა, ვიდეოების გასაჯაროვებას ,,ტვიტერზე” გამოეხმაურა. რიდის განცხადებით ძალიან კარგია, რომ აშშ-ის მთავრობამ აღნიშნული ვიდეოების ავთენტურობა აღიარა, თუმცა ეს ვიდეოები იმ მასალებთან შედარებით, რომლებიც რეალურად არსებობს ზღვაში წვეთია და მოუწოდა შესაბამის თანამდებობის პირებს, მეტი სერიოზულობით და ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას.