LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმპტომები, რომელიც გულის დაავადებაზე მიუთითებს – კარდიოლოგი მაია გოცაძე გადაცემაში ,,პულსი”

232
pulsishow

გადაცემის ლაივი

19 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“  და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ექიმი-კარდიოლოგი მაია გოცაძე სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სიმპტომებზე, რომელიც გულის დაავადებაზე მიუთითებს.

-ქალბატონო მაია, რა დროს, რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა ჩათვალოს ადამიანმა, რომ კარდიოლოგის კონსულტაციას საჭიროებს და არის თუ არა ქოშინი, სუნთქვის გაძნელება დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება?

-ქოშინი, იგივე სუნთქვის გაძნელება, თან ახლავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და არის პრობლემის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინება. განმარტებისათვის, სუნთქვის გაძნელების ერთ-ერთი ვარიანტი არის სუნთქვის გახშირება, სუნთქვის ციკლი შედგება ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისგან, ანუ ერთი მთლიანი აქტი ეს არის სრული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ნორმაა წუთში 12-დან 20-მდე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ხოლო  20-ის ზემოთ  ჩვენ უკვე გვაქვს სუნთქვის გახშირება, რაც უკვე არის პათოლოგია. ასევე, საყურადღებოა, შენელებული სუნთქვა, ანუ წუთში 12-ზე ნაკლები ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. აღსანიშნავია, ასევე აპნოე – ე.წ ხვრინვა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის დარღვევა ან შეჩერება ძილის დროს. არის კიდევ ქოშინის სახე ორთოპნოე – ეს არის როდესაც ადამიანს არ შეუძლია სწორ ზედაპირზე დაწოლა, რადგან ამ დროს ეწყება ქოშინი, ამიტომ ესაჭიროება მაღალი სასთუმალი, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებს  წამოჯდომას. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გაძნელებული და გახშირებული სუნთქვა შესაძლოა მიუთითებდეს სხვა დაავადებებზეც ან სულაც იყოს ფიზიოლოგიური მდგომარეობა.

-როგორც აღნიშნეთ ქოშინი რიგ შემთხვევებში სასიგნალო ნიშანს წარმოადგენს და მიუთითებს სხვადასხვა დარღვევებზე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში  სავსებით ნორმალური რეაქციაა. როგორ განვსაზღვროთ როდის არის გაძნელებული სუნთქვა დარღვევა და როდის ნორმა?

– ქოშინი ფიზიოლოგიურ ნორმაა და არ წარმოადგენს საშიშროებას როდესაც ადამიანს აქვს დიდი ფიზიკური დატვირთვა. ჩვეული  ფიზიკური აქტივობის დროს გახშირებული სუნთქვა უკვე აღარ არის ნორმა და მიუთითებს დარღვევაზე, მეტწილად გულ-სისხლძარღვთა სისტემის  პათოლოგიაზე. ქოშინი ასევე ფიზიოლოგიურია ჭარბი წონის მქონე ადამიანებში. მოგეხსენებათ, ჭარბი წონა ეს არის ზედმეტი დატვირთვა ორგანიზმისათვის, რაც თავისთავად მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას და იწვევს ქოშინს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო პირობებს, მაგალითად სიცხეში სუნთქვის გაძნელება ნორმალური მოვლენაა. ნორმად შეიძლება ჩაითვალოს სტრესის დროს ემოციურ ფონზე სუნთქვის გაძნელება. ორსულობის  მესამე ტრიმესტრიდან ქოშინიც ნორმა გახლავთ. ასევე,მთებში, სუბალპურ და ალპურ ზონებში სადაც ჟანგბადის ნაკლებობაა, სუნთქვის გაძნელება სავსებით ნორმალურია. ყველა სხვა დანარჩენ  შემთხვევაში ქოშინი არის პათოლოგია.

-როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ არ არსებობს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები და ქოშინი მაინც სახეზეა?

-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქოშინის დაწყების ხასიათს, თუ ის არის სპონტანური, უეცარი, სწრაფი და მწვავე პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს ექიმს და უმჯობესია მიმართოს ე.წ ემერჯენსს, რადგან შეიძლება ეს იყოს  გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო ჩარევას საჭიროებს. ამ შემთხვევაში ქოშინი შეიძლება იყოს სასიგნალო ნიშანი და მიანიშნებდეს ისეთ პრობლემებზე როგორიც არის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სიცოცხლისათვის საშიში არითმია, თრომბოზი. სწორედ ქოშინით გამოვლინდება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

-სუნთქვის გაძნელებისას ადამიანებს ეჭვი პირველ რიგში ფილტვის ან გულის პრობლემებზე უჩნდებათ ხოლმე. დავაზუსტოთ, რა სპეციალობის ექიმს უნდა მიმართონ მათ პირველ რიგში?

-პირველ რიგში პაციენტმა უნდა მიმართოს თერაპევტს და შემდეგ უკვე ის გადაამისამართებს საჭიროების მიხედვით.

-განვიხილოთ  კიდევ ერთი სიმპტომი ქვედა კიდურების შეშუპება, რომელიც ასევე ზოგ შემთხვევაში შეიძლება ნორმად ჩაითვალოს სხვა შემთხვევაში კი დარღვევად.რას შეიძლება მიუთითებდეს ქვედა კიდურების შეშუპება და სად გადის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის?

-ქვედა კიდურების შეშუპების გამომწვევი მთავარი მიზეზებია: გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, შიმშილი, როდესაც ორგანიზმი ცილას კარგავს, შეშუპების გამომწვევი მიზეზია ასევე ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება და ვენების პრობლემები. ფიზიოლოგიური შეიძლება იყოს სიმსუქნით და ჭარბი წონით გამოწვეული შეშუპება. ასევე, ნორმაა ფეხმძიმეებში განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში. აღსანიშნავია, მდგომარეობაც, როდესაც დღის განმავლობაში ფეხები დამცხრალია, თუმცა დღის ბოლოს უკვე  ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შედეგად ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება, რომლის მიზეზიც არის არასაკმარისი ლიმფოდრენაჟი.

-კვების თავისებურებები და დაუბალანსებელი საკვები თუ ახდენს ზეგავლენას შეშუპებაზე?

-ტერმინი შეშუპება ეს არის ჭარბი სითხის დაგროვება ორგანიზმში. მაგალითად დიდი რაოდენობით სუფრის მარილი აგროვებს ჭარბ სითხეს ორგანიზმში რაც იწვევს შეშუპებას. თუმცა, თუ გულის კუნთი კარგად მუშაობს  შეშუპება ნაკლებად ხდება. საბოლოოდ, ასეთი შეშუპება მაინც გულის უკმარისობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ეს არის ერთ-ერთი დისფუნქცია. ამ დროს კუნთი შეიძლება კარგად მუშაობს, მაგრამ დიასტოლურ დისფუნქციასთან გვაქვს საქმე  რაც ასევე პრობლემაა.

როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა შეშუპებისას რასთან აქვს საქმე და ვის უნდა მიმართოს?

გულის უკმარისობისათვის დამახასიათებელი შეშუპება არის სიმეტრიული, იწყება კოჭებიდან ერთდროულად და არ არის დამოკიდებული დღის მონაკვეთზე, ანუ როგორც დილით არის შეშუპება ასევეა შუადღეს და საღამოს. თირკმლისმიერი შეშუპების არეალი არის სახიდან და ვითარდება ზემოდან ქვემოთ, განსხვავებით გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი შეშუპებისგან, რომელიც ვითარდება ქვემოდან ზემოთ. ცალი კიდურის შეშუპება უფრო მეტად დამახასიათებელია ვენების დაავადებებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახის შეშუპება შეიძლება ალერგიის გამოვლინებაც იყოს. შეშუპება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს. ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოწვეული შეშუპებაც სახის შეშუპებით იწყება, რა დროსაც გამოკვეთილია თვალის უპეების შეშუპება.


-გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევის კიდევ ერთი სიმპტომია ციანოზი, მოცისფრო-მოლურჯო ელფერი სხეულის ნაწილებზე. ამ შემთხვევაში რამდენად უნდა მივიტანოთ ეჭვი რაღაც სერიოზულზე და ვის უნდა მივმართოთ?

-გულ-სისხლძარღვთა სისტემა და სასუნთქი სისტემა მონაწილეობს ორგანიზმის მიერ ჟანგბადის ათვისებაში და ნახშირორჟანგის გამოტანაში. თუკი დარღვეულია ეს პროცესი, მაშინ ჩნდება ქოშინი და  ციანოზი. კანის მოლურჯო შეფერილობა ჩვენ შეიძლება დავინახოთ როგორც სხეულის წარზიდულ ნაწილებზე, თითებზე, ცხვირზე, ტუჩის მიდამოებში ასევე, მთელს სახეზე და სხეულზე. შეფერილობა შეიძლება იყოს შედარებით ღია ცისფერი ან უფრო მუქი ჭარხლისფერი. ციანოზის გამომწვევი მიზეზი ეს არის ნაკლები ჟანგბადი ქსოვილებში, ჩვენ ამას ვეძახით ჰიპოქსემიას და ჰიპოქსიას. ციანოზი ყოველთვის არის პათოლოგია, არასდროს არ არის ნორმა და ყოველთვის დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევასთან  და საჭიროებს ყურადღების მიქცევას.

-როგორ შეიძლება გავზომოთ ჟანგბადით მომარაგების დონე სისხლში ?

-ჟანგბადის შემცველობა სისხლში იზომება პულსოქსიმეტრის მეშვეობით. თუმცა, აუცილებელია აპარატის სწორად გამოყენება, რომ ზუსტად მოხდეს ჟანგბადის სატურაციის განსაზღვრა. ნორმალური ჟანგბადის სატურაცია ეს არის 85%-დან 100-%მდე. 85%ის ქვემოთ უკვე არის პათოლოგია. სწორი შედეგის მისაღებად ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს დამჯდარი და დაჯდომიდან 5-10 წუთი უნდა იყოს გასული, ემოციური ფონი არ უნდა აღენიშნებოდეს, უნდა იყოს  მშვიდი. კიდურები უნდა ჰქონდეს თბილი, ტემპერატურაც უნდა იყოს თბილი და უნდა ისუნთქოს ზომიერად. ასევე აღსანიშნავია, რომ ფრჩხილის ლაქი ხელს უშლის პულსოქსიმეტრს სწორად აღქმაში. პულსოქსიმეტრის დამაგრების შემდეგ აუცილებლად უნდა დავიცადოთ 2-3 წუთი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები