„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 20 ივნისს დაგეგმილ აქციას, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება და აცხადებს, რომ „სირცხვილია აქცია 20 ივნისს, მაშინ, როცა ურთულესი სიტუაციაა რეგიონსა და მსოფლიოში“. მისივე განმარტებით, „ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დესტაბილიზაციას ადგილი ჰქონდეს“.
„სირცხვილია აქცია 20 ივნისს. მაშინ, როცა ურთულესი სიტუაციაა რეგიონსა და მსოფლიოში, ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება მართლა სირცხვილია. სირცხვილია ისეთი კონსპირაცია, რომელიც უკვე თვეებია გრძელდება. იმ განცხადებებითა და განწყობებით რაც მოვისმინეთ და რის კულტივირებასაც ახდენს ოპოზიცია, რა საკვირველია, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დესტაბილიზაციას ადგილი ჰქონდეს. სირცხვილია, რომ ამ სტრატეგიის საბოლოო წერტილის დასმას აპირებენ ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამარცხვინო მდგომარეობას რაშიც “ნაცმოძრაობა” და მისი მხარდამჭერები აღმოჩნდნენ, საზოგადოება სწორად შეაფასებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, 20 ივნისს, 20 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დააანონსა.