LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება

106
125185504-1851921904945705-9071477012809356915-o

კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გრძელდება, თუმცა სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება – ამის შესახებ ისაუბრეს დღეს და მიმდინარე ეპიდვითარება განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კვლავ ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

ინფორმაციას, თუ რაზე იმსჯელეს სხდომაზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელიც წარმოადგენს მორიგ რეკორდულ მაჩვენებელს 53 მილიონზე მეტი ინფიცირებულით.

აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

საუბარი შეეხო იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. აღინიშნა, რომ ამ კუთხით, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.

განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრმა კი წარმოადგინა ინფორმაცია როგორც ბინაზე მკურნალობის, ასევე კოვიდ-სასტუმროებსა და ჰოსპიტალებში დღეის მდგომარეობით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ტესტირების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 73 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 55 511 პირი, ხოლო გარდაცვლილი 636 ადამიანი.

პოპულარულები