LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა“ – სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა

267
კესარია აბრამიძე

სამედიცინო ექსპერტი, ქეთევან გედენაშვილი, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ექსპერტმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმეზე ჩვენებას აძლევს, განაცხადა, რომ კესარია აბრამიძეს სხეულის სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა და მწვავე სისხლნაკლებობა აღენიშნებოდა.

ქეთევან გედენაშვილის განმარტებით, კონკრეტული ჭრილობები სასიკვდილო იყო, თუმცა სხვა ჭრილობებმაც განაპირობა სისხლნაკლებობა. სამედიცინო ექსპერტის თქმით, ჭრილობები მკვრივი ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.

„არ ვეთანხმებით, რომ დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით“ – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ექსპერტის თქმით, კესარია აბრამიძისთვის მიყენებული დაზიანებებიდან 4 მძიმე ხარისხის იყო, თუმცა სხვა ჭრილობებმაც განაპირობა სისხლნაკლებობა, რაც საერთო ჯამში, გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ცნობისთვის, გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა. სწორედ აღნიშნული დასკვნის ავტორი დაიკითხა სასამართლოში.

სხდომას ბრალდებული ბექა ჯაიანი არ ესწრებოდა.

პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ კიდევ ერთი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. როგორც პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა, სამედიცინო ექსპერტიზა იყო დანიშნული თავად ბრალდებულ ჯაიანის მიმართაც, მას ხელზე დაზიანება ჰქონდა. აღნიშნული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთო. შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

დღევანდელ სხდომაზე, ასევე, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და ძალაში დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g