მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა 1-ლი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის ეტაპობრივი გეგმა უნდა წარადგინონ. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ავრცელებს.
„დღეს საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი. პრემიერისგან არის დავალება, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ამ 2 დღის განმავლობაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა უნდა შეიმუშაონ. პრინციპში, მისი მონახაზები უკევ არსებობს. ერთბაშად არ უნდა გაიხსნას და არ უნდა შემსუბუქდეს. ეს უნდა იყოს ეტაპობრივი. ვთქვათ, ორი, ან ერთი კვირა გაიხსნება რომელიღაც ბიზნესი, ერთი, ან ორი. შემდგომ უნდა იყოს დაკვირვება და დადებითობის მაჩვენებლისა და რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, შემდეგ ეტაპზე რა უნდა შემსუბუქდეს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, განიხილება სხვადასხვა ტიპის ბიზნესების ეტაპობრივი გახსნა, ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის ფონზე.
როგორც გამყრელიძე ამბობს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის გახსნის გეგმის მომზადება სწორედ ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა.