მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პროკურატურის ახალ ბრალზე ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირების 4 სხვა ძალადობრივ ეპიზოდში მონაწილეობას უკავშირდება და მათ მშობლებს მიმართავს, ვისაც როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა ფიზიკურად უსწორდებოდნენ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული პირები:
„პროკურატურავ მადლობა! აი, რა მაყვირებდა! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები!“ – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებაზე
პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე:.
„სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?! თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი! მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან, მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები. ხალხო, მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ იმათმა რატომ არ იყვირეს, ხომ გადარჩებოდა ჩემი გიგა… როგორ მომიკლეს ჩემი სპეტაკი შვილი, რატომ ითმენდით?!“- ამბობს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.
პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების – ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.
ძალადობის 4 ეპიზოდიდან ოთხივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ასევე, დიმიტრი ჩიქოვანი. ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.
