ნატურალური სოფლის ნუგბარის მწარმოებელი კომპანია ”სკიჯი” საკუთარი პროდუქციის აქტიურ რეალიზაციას ანახლებს. ”სკიჯის” პროდუქცია დედაქალაქში რამდენიმე მაღაზიაში უკვე დაბრუნდა და ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სავაჭრო ობიექტებთანაც. როგორც ”ფორტუნას” ”სკიჯის” დამფუძნებელმა და დირექტორმა დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე გურული ნუგრაბი მომხმარებელს თბილისში სამ მისამართზე შეუძლია შეიძინოს:
• ღამბაშიძის 2ა, მაღაზია “ქართული ნატურალური ნობათი”
• კოტე აფხაზის 33, მაღაზია “ქართული კალათა”
• ბახტრიონის 11ბ, წიგნის მაღაზია-კაფე “წიგნის სახლის ბახტრიონზე”.
ასევე, გურული ტკბილეულის ყიდვა შესაძლებელია ინტერნეტ მაღაზია Soplidan.ge-ის საშუალებითაც.
”მოგეხსენებათ, მცირე საწარმო გვაქვს, შესაბამისად, დიდი რაოდენობით პროდუქციის გამოშვება გვიჭირს. ამიტომ, ”სკიჯის” ნუგბარით მაღაზიები, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ვეღარ მარაგდებოდა, ვინაიდან, დეკემბერში კორპორატიულ შეკვეთებზე ვიმუშავეთ. თუმცა, ახლა განახლებული ძალებით შევუდექით წარმოებას. მიმდინარე წელს ქარხნის გაფართოებასაც ვგეგმავთ”, – აღნიშნა დარეჯან ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, ”სკიჯის” ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი საწარმო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და მასში 3 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, აქვე კომპანია საკუთარ საოჯახო ტიპის სასტუმროსაც ფლობს.