სლოვენიის ჩრდილოეთში, ალპების მთიან რეგიონში, მრავალი წლის შემდეგ მგლები კვლავ გამოჩნდნენ. მათი დაბრუნება პოპულაციის აღდგენის პროგრამის წყალობით გახდა შესაძლებელი.
ერთ დროს მგლები მთელ სლოვენიაში ფართოდ იყვნენ გავრცელებული, თუმცა მიზანმიმართული განადგურების გამო თითქმის გაქრნენ. ახლა კი ეკოლოგებმა დააფიქსირეს ერთი ოჯახი – შვიდი ზრდასრული და რამდენიმე ლეკვი. სპეციალისტების შეფასებით, რეგიონმა შესაძლოა ერთი ან ორი ხროვაც დაიტიოს.
მგლების დაბრუნება მნიშვნელოვანია ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებისთვის და ბუნებრივი ბალანსის შესანარჩუნებლად. ისინი ტყის „სანიტრები“ არიან – ნადირობენ ირმებსა და ლოსებზე და ამით აკონტროლებენ მათ რაოდენობას. შედეგად აღდგება ბალახი და ბუჩქნარი, რაც ჩლიქოსანი თუ სხვა სახეობის ცხოველებისთვისაც საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება კვლავ ფრთხილია. აქტივისტები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, რათა აუხსნან, როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა და ამ ცხოველებმა ერთად. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მგლები ადამიანებს ერიდებიან და სლოვენიაში მათი მხრიდან ადამიანზე თავდასხმის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.
თუ ადამიანს მაინც შეხვდა მგელი, რეკომენდაცია მარტივია: შეინარჩუნოს სიმშვიდე, არ სცადოს დამალვა და ნელა დატოვოს ტერიტორია.