სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართა.
სოციალური მეწარმეობის ფორუმის მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა.
სალომე კუსიანი, სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი:
– სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან ტარდება. ის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც გასული წლის მოვლენებს აჯამებს და სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას.
უნდა აღინიშინოს, რომ სოციალური მეწარმეობა საქართველოში ბოლო ათი წელია, რაც ვითარდება და ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირს შეაქვს. პროექტის „სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ და სხვა მიმდინარე საქმიანობების შედეგია ჩვენს ქვეყანაში 150-მდე მოქმედი სოციალური საწარმოს არსებობა, იმ სოციალური საწარმოებისა, რომლებიც თავიანთი საქმიანობით იმ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს ეხმიანებიან, რაც ასე მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ზოგადად განვითარებული ქვეყნისთვის, იქნება ეს ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, მოწყვლადი ჯგუფების ღირსეულ სამუშაო ადგილებზე დასაქმება და, რა თქმა უნდა, გარემოზე ზრუნვა, რომელიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
სოციალური მეწარმეობის ფორუმს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან და ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობის მსურველი ტრადიციული ბიზნესების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. წელს ღონისძიებას საჯარო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 130-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შესაძლებლობა იმისა, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, გადაკვეთის წერტილები იპოვონ და საქმიანი კავშირები დაამყარონ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების და იმ მიზნების განხორციელების საშუალებას გვაძლევს, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობასა და პლანეტაზე ზრუნვას ემსახურება.
გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას ყოველწლიურად ისეთი პანელური დისკუსიები, თემატური სესიები შევთავაზოთ, რაც მათი საქმიანობისთვის იქნება საინტერესო და სიახლე. წელს ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს სხვადასხვა გამომსვლელის სიტყვა თემაზე „რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოვიყენოთ ის საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად“. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი დღეს ფართოდაა შეჭრილი ორგანიზაციების საქმიანობაში, ის მათ საკმაოდ დიდ დროს უზოგავს და ისეთი ტიპის ინსტრუმენტებს სთავაზობს, როგორებიცაა, თუნდაც, ვიზუალის შემუშავება, გარკვეული ტექსტების ინგლისურ ენაზე დამუშავება და სხვა, რისთვისაც ზოგჯერ მცირე საწარმოებს და სოციალურ საწარმოებს ადამიანური რესურსიც კი არ ჰყოფნით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი სწორედ ამ საწარმოებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა იყო, რომლებსაც თანამედროვეობა სთავაზობს მათ იმისთვის, რომ მათი პროდუქტიულობა, გავლენა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
ფორუმის კულმინაციური მომენტი წლის სოციალური საწარმოს გამოვლენაა ხოლმე. ცხადია, არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. აქვე აღვნიშნავ, რომ ფორუმზე წლის სოციალური საწარმო 2017 წლიდან ვლინდება. წლის სოციალური საწარმოს დასახელებას წინ უძღოდა ჯერ სოციალური საწარმოებისგან განაცხადების მიღება და შემდეგ შემოსული განაცხადებიდან შვიდკაციანი ჟიურის მიერ სამი ნომინანტის არჩევა. ჟიურის კრიტერიუმებს შორისა იყო ის, თუ რამდენად არის სოციალური საწარმო ეკონომიკურად გამართული, რამდენად იზრდება მათი შემოსავლები წლიდან წლამდე, ცნობადობა, კომუნიკაცია მომხმარებელთან და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შვიდკაციანი ჟიური სხვადასხვა ორგანიზაციის, სხვადასხვა ექსპერტიზის მქონე პირებით იყოს დაკომპლექტებული, რათა საუკეთესო სოციალური საწარმო ობიექტურად გამოვლინდეს. წელს სამივე ნომინანტი ქალების მიერ დაფუძნებული საწარმო იყო – „იკორთა“ წეროვანიდან, „თავისუფალი სივრცე“ ბათუმიდან და „ედენა“ რაჭიდან. „ედენა“ და „იკორთა“ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი, „თავისუფალი სივრცე“ კი სოციალური კაფეა, რომელსაც ადაპტირებული გარემოს შექმნით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანის სოციალიზაციაში. ფარული კენჭისყრის გზით ღონისძიებაზე 2023 წლის სოციალური საწარმოს ტიტული „იკორთამ“ მოიპოვა. ტიტულთან ერთად მას სოციალური საწარმოს განვითარებისთვის ფულადი ჯილდო გადაეცა.
ანა ახლოური, სოციალური საწარმოს „იკორთას“ კომუნიკაციების მენეჯერი:
– „იკორთას“ ისტორია 2008 წლის ომის შემდეგ იწყება, როდესაც წეროვანში დევნილთა ყველაზე დიდი დასახლება შეიქმნა, სადაც დღეს უკვე 9000-მდე ადამიანი ცხოვრობს. 2012 წელს დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილზე გაჩნდეს დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობები. როგორც იცით, რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჰუმანიტარული დახმარება, სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, თუმცა ვიცოდით, რომ ბოლოს ისევ საკუთარ თავში უნდა გვეპოვა გარემოსთან ადაპტაციის ძალა. რაც მთავარია, მაშინ უკვე განსხვავებული ეკონომიკური გარემო იყო და ვხვდებოდით, რომ ადამიანებს არა მხოლოდ დასაქმების ადგილი, არამედ ახალი პროფესიების შეძენაც სჭირდებოდათ. მას შემდეგ, რაც სოციალური მეწარმეობის შესახებ შევიტყვეთ, მივხვდით, რომ ეს ის ფორმა იყო, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებოდა. შევისწავლეთ ტიხრული მინანქარი ოთხ ქალბატონთან ერთად, რომლებიც შემდეგ სხვების მასწავლებლები გახდნენ და ასე, ასამდე ქალმა შეძლო ტიხრული მინანქრის უფასოდ სწავლა. მათგან ცხრა ახლაც „იკორთაშია“ დასაქმებული, ექვსმა კი საკუთარი, დამოუკიდებელი საწარმო გახსნა. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ტიხრული მინანქრის მრავალფეროვან კოლექციებს, სამკაულს, როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული ელემენტებით. გარდა ამისა, ჩვენთვის საამაყო პროდუქტია მასტერკლასები, რაც გულისხმობს ადამიანებისთვის შესაძლებლობას გვესტუმრონ წეროვანში, ჩვენი პერსპექტივიდან შეხედონ იმ რეალობას, რაც გვაქვს და რაც მთავარია, მონაწილეობა მიიღონ, დაახლოებით, ერთსაათიან პროცესში და თავად, საკუთარი ხელით შექმნან სამკაული, ამავდროულად გაეცნონ არა მხოლოდ „იკორთას“ და კონფლიქტის ისტორიას, არამედ სოციალური მეწარმეობის კონცეფციასაც.
რაც შეეხება წლის სოციალური საწარმოს ტიტულს, ის, რა თქმა უნდა, სასიხარულოა და იმ საქმეში, რომელსაც ვუძღვებით, ჩვენი როლისა და გავლენის შეხსენებაა, რადგან, ის ადამიანები, რომელთა გაძლიერებასაც ვცდილობთ, ჩვენც ვართ. საკუთარ თავზე დაკვირვება ძალიან რთულია და ამ ნომინაციამ სწორედ იმის საშუალება მოგვცა, რომ სხვა ადამიანების თვალით დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი გვაქვს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მოგვეცა დიდი მოტივაცია იმისთვის, რომ გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა. შესაბამისად, აღარ გვაქვს არც დაღლის, არც მოდუნების საშუალება. გვსურს, უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს „იკორთას“ ისტორიის შესახებ. ვთვლით, რომ ჩვენი სამკაული დასტურია იმისა, რომ ადამიანს ომის შემდეგ ახალ გარემოსთან ადაპტირება შეუძლია, შეუძლია იყოს არა მხოლოდ ის, ვისაც რაღაც მუდმივად სჭირდება და ძალიან რთულია ამ სტერეოტიპთან გამკლავება, არამედ ის, ვინც საინტერესო პროდუქტს ქმნის და შეუძლია იყოს წარმატებული.