“ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა,” – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა 4 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა შსს-ს კომუნიკაცია მათთან 6 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით, როცა სამართალდამცავებმა დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერეს, მარი წერეთელი ამბობს, რომ შეტყობინება ფაქტთან დაკავშირებით შესული იყო. შეტყობინების შემდგომ განხორციელებულ რეაგირებაზე მარი წერეთელი არ საუბრობს და განმარტავს, რომ ამაზე მოკვლევას შიდა აუდიტი ატარებს.
მისივე თქმით, კონკრეტული ბავშვის საქმეს ისინი მისი დაბადებიდანვე იცნობდნენ. მარი წერეთლის ინფორმაციით, ოჯახმა ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მისი მინდობით აღზრდაში გაშვება გადაწყვიტა, სადაც 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მარი წერეთელი ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე დედა ბავშვზე მზრუნველობას იჩენდა, გაუმჯობესდა ოჯახის სოციალური მდგომარეობაც, რის შემდეგაც ბავშვი ოჯახში დაბრუნდა.
“კონკრეტული ბავშვის შემთხვევა ჩვენთვის ცნობილი იყო პრაქტიკულად დაბადებიდან, რადგან დაბადების შემდგომ დედამ მიმართა სოციალურ სამსახურს, დროებით ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებაზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გამო, რაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდა და ბავშვი გადაყვანილ იქნა მინდობით აღზრდაში. ეს გახლვათ ალტერნატიული ზრუნვა, სადაც მსგავსი და სხვა შემთხვევების დროს ხდება ბავშვის განცალკევება ოჯახიდან. რასაკვირველია, ქვეყნისთვის და ჩვენთვის პრიორიტეტული არის ბიოლოგიური ოჯახი, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესისთვის სხვა რამ არ არის უკეთესი. შესაბამისად, 3 წელიწადნახევარი, როცა ბავშვი იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში, ხდებოდა, როგორც ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა, ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ბავშვის ურთიერთობის მეთვალყურეობა. ამ ხნის განმავლობაში დედა სისტემატიურად, თვეში რამდენჯერმე ახდენდა ვიზიტებს, ხდებოდა ჩართულობა ბავშვის განვითარებაში. სწორედ ამიტომაც, როცა ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში სამომავლოდ იმისთვის, რომ გაყვანილ იქნეს ვინმე პირის მიერ, ხდება ამ პირის მნახევლად დარეგისტრირება. რეგისტრაციას წინ უსწრებს იმ ოჯახის და იმ ადამიანის ბიო-ფსიქოსოციალური შეფასება, რომელიც იღებს უფლებას, რომ მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის ნახვა და მერე მისი გაყვანა. მსგავსი შეფასება მოხდა,” – აღნიშნავს მარი წერეთელი.
მისივე თქმით, 6 იანვრამდე სოციალურ სამსახურს ბავშვზე ძალადობის ნიშნები არ დაუფიქსირებია.
“მინდა ავღნიშნო, რომ ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა აღნიშნულ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს, რასაკვირველია, როგორც ამ ბავშვის მიმართ, ასევე ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ. დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად იმ გეგმით, რომ სამომავლოდ აქტიური მონიტორინგის განმავლობაში უნდა მომხდარიყო ბავშვის სამომავლო ინტეგრაცია და მუშაობა იყო დაწყებული.
ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, სამინისტროსა და სააგენტოში აუდიტის სამსახურმა დაიწყო გუშინ უკვე მოკვლევა საღამოდან, რასაკვირველია იმ ადამიანების, იმ თანამშრომლების გადაცდომა და სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგება, მოკვლევის შედეგს მყისიერად გაგაცნობთ შესაბამისი სამსახური,” – აცხადებს მარი წერეთელი.
ის განმარტავს, რომ ოჯახში რეინტეგრაციის საკითხი იმიტომ დადგა, რომ ბავშვის განცალკევების საკითხი მხოლოდ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა და ძალადობის ნიშნებიც დაფიქსირებული არ ყოფილა. მარი წერეთელი ასევე ამბობს, რომ რეინტეგრაციის დროს, ოჯახს სოციალური მდგომარეობის კუთხით წინსვლა ჰქონდა და მამინაცვალი იყო დასაქმებული მშენებლობაზე.
“ჰოგიენური ნორმები ყოველთვის დაცული იყო, სასიცოცხლო გარემოს რას ვეძახით, სადაო თემაა, როცა საუბარი არის მშობლების და შვილების ურთიერთობაზე, მიჯაჭვულობაზე. ოჯახის წევრი მამაკაცი იყო დასაქმებული, ოჯახს მიეწოდებოდა სერვისები.
ჰქონდა ძალიან ძლიერი მიჯაჭვულობა დედმამისშვილებთან, დედა იყო ძალიან მზრუნველი, მიდიოდა, აქტიურად ნახულობდა,”- აცხადებს მარი წერეთელი და დასძენს, რომ ძალადობის ნიშნები არც სხვა ბავშვებთან მიმართებაში დაფიქსირებულა.
მისივე ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში აღრიცხვაზე იმყოფებოდა, სადაც რაიმე განსაკუთრებული ავადობა დაფიქსირებული არ ყოფილა.
მარი წერეთელის ინფორმაციით, ოჯახის სხვა მცირეწლოვანი წევრები გუშინ საღამოდან გაყვანილი არიან მინდობით აღზრდაში.
4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, ორდერი დედაზე 6 იანვარს გამოწერეს, როცა ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე მათთან შეტყობინება შევიდა. შსს-ს ცნობით, გამოკითხულმა მოწმეებმა ძალადობის ფაქტი უარყვეს. დაზიანებებზე, რომელიც ბავშვს აღენიშნებოდა, ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ჰიპერქტიურობის შედეგად ჰქონდა მიღებული. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა საჭროდ მიიჩნიეს და დედაზე შემაკავებელი ორდერი გამოწერეს.