მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის მიმდებარე ტყის მასივში 18 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის კი ადგილზე, ხანძრის კერებთან, ცოცხალი ძალით 125 მეხანძრე მაშველი და ასევე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. გვიან ღამით ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან ჩავიდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დეპარტამენტი, სოციალურ ქსელში აღნიშნავს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში სოფელ ლატალის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია, გუშინ ღამით შემოვიდა.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა, საგანგებოს მართვის სამსახურმა, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან, ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და ქრობის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო”.