თებერვლიდან ბულგარეთის დედაქალაქში სიჩქარის ახალი რეჟიმი დაწესდება. სოფიას ცენტრში მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შეიზღუდება, გარეუბნებში კი ისევ 50 კმ/სთ დარჩება.
დაბალსიჩქარიან ტერიტორიას ახალი სახელი „ზონა 30“ ეწოდება და მის საზღვრებს სპეციალური საგზაო ნიშნებით აღნიშნავენ.
ქალაქებში სიჩქარის შეზღუდვა ევროკომისიის საბჭოს რეკომენდაციაა და მისი მიზანი სატრანსპორტო უსაფრთხოების მიღწევაა. ევროპა იმედოვნებს, რომ 2030 წლამდე ავარიებში დაზარალებულთა და დაღუპულთა რაოდენობა 50%-ით შემცირდება. როგორც წესი, ყველაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევებში ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისტები ზარალდებიან.
სიჩქარის შეზღუდვის ასეთი რეჟიმი უკვე მოქმედებს ევროპულ მეგაპოლისებში, მაგალითად – მილანში, ჰელსინკიში, პარიზსა და ბრიუსელში.