სოფო ხალვაშმა ბათუმში, „სოჰოში“, ბენდთან ერთად კონცერტი გამართა. ამ ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო ვალერი მელაძე, რომელიც ბუბა კიკაბიძის საღამოზე მონაწილეობის მისაღებად მშობლიურ ქალაქს სტუმრობდა. სოფოს გამოვკითხეთ წარმატებით ჩატარებული საღამოს ამბავი.
სოფო, დიდხიანი პაუზა გქონდა კონცერტამდე?
სხვათა შორის, არა, რადგან მე უკვე დიდი ხანია, ბენდთან ერთად პროგრამა მაქვს გაკეთებული და სხვადასხვა ადგილას ვასრულებ, მათ შორის, დახურულ წვეულებებზეც და ალბათ, ისე არ ჩანს, როგორც სხვა კონცერტების შესახებ ინფორმაცია.
რადგან კლუბური საღამო იგეგმებოდა, მსოფლიო ჰიტებზე ავაწყვეთ, რომელიც საქსოფონის თანხლებით ჟღერს, თუმცა ჩვენი მუსიკაც შევთავაზეთ მოსულ მსმენელს და ერთგვარი სინთეზი გავაკეთეთ.
ვალერი მელაძის მონაწილეობა ამ საღამოში თავიდანვე იყო დაანონსებული?
ის სპეციალურ სტუმრად გვყავდა მოწვეული, თუმცა სპონტანურად სცენაზე ამოვიდა და ბენდთან ერთად „თბილისო“ შევასრულეთ. ეს სიმღერა ერთად პირველად არ გვიმღერია. მანამდე, ორი წლის წინ, თბილისში ვიმღერეთ ვალერი მელაძის კონცერტზე, ახლა კი ბენდთან ერთად რეპეტიციის გარეშე გადავწყვიტეთ მისი შესრულება.
სოფო, გაქვს მუსიკალური სიახლეები?
მაქვს, მაგრამ ჯერ არ მინდა გამხელა. ახლა მუშაობის პროცესში ვარ და ვფიქრობ, ღირებული რამ გამოდის, ცოტა ხანში აუცილებლად დავაანონსებ (იღიმის).
ნინო მურღულია