საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე 6 ივნისს დააკავა. სოფელ ლიას სამი მკვიდრი იზოლატორშია გადაყვანილი. ისინი სოფელ მუჟავასთან გაიტაცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გატაცებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია თუ რა მოტივით მოხდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების გატაცება.
ადგილობრივების თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სოხუმში გადაიყვანეს, სადაც მათი ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სავარაუდოდ, მათ დღეს გაათავისუფლებენ.
“მოვიძიეთ, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. დაჭერილები არიან, სად არიან არ ვიცი. დავურეკეთ, მაგრამ მიუწვდომელია. არავინ არ დაგვკავშირებია”, – აღნიშნა გატაცებულის ძმამ ლევან მატუამ.
“ლაპარაკობენ, რომ მუჟავაში იყვნენო და ჩვენს ტერიტორიაზე დაუჭერიათ რუსებსო. ძროხებს ეძებდნენ მგონი. საქონელი მიდის და შეიძლება იქით გადავიდეს, მაგრამ იქით გადასული არ ყოფილა. მგონი ვიღაც ნათესავი ცხოვრობს გალში და იმას უკავშირდება ეს ოჯახიო. სოხუმში ვიყავი ამ დილით და გავიგე, რომ სოხუმში გადაუყვანიათ. ოჯახმა მითხრა, მეზობლები არიან, სასამართლოს ელოდებიან. გაჭირვებული ხალხია, თუ მთავრობა არ დაუდგა გვერდში, ვერ გადაიხდიან ჯარიმას, არაფრის საშუალება არა აქვთ”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.