“ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ რომ საახალწლო განწყობას კოვიდი არ და ვერ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით თანადგომით და სითბოთი აღსავსე. გვინდა სოლიდარობით სავსე თბილისი”- ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
”მიხარია, რომ მთელი თბილისი გაერთიანდა იმ ხალხისთვის, ვისაც მეტად გაუჭირდა პანდემიის პირობებში. გახსოვთ, ალბათ, როგორი თანადგომა გამოიჩინეს ადამიანებმა 13 ივნისს. სტიქიის და ტრაგედიის წინააღმდეგ დადგა ყველა ვისაც, როგორ შეეძლო. იგივე გვინდა ახლაც. იმიტომ რომ სოლიდარობაშია ყველაზე დიდი ძალა. ახლაც ეს გვჭირდება რომ ბავშვები არ დაითრგუნონ და მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი”.
მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება ახალ წელს, ახალი იმედებით უნდა შეხვდეს და რომ საახალწლო სლოგანი იქნება ”სოლიდარობით სავსე ახალი წელი”.
”იცით, რომ წლევანდელი ახალი წელი იქნება რადიკალურად განსხვავებული. ეს ყველაფერი გამოწვეულია არსებული პრობლემებით, რომელიც შეგვიქმნა პანდემიამ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ გვექნება საახალწლო სოფელი. ეს თანხები რაც ამ იმართულებით უნდა დახარჯულიყო, მიემართება იმ ადამიანების დასახმარებლად ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ახლა. მესმის რომ რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ერთიანი ძალებით ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია. ახლა ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია”. – განაცხადა, კალაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება და ბავშვები, რომლებიც სურვილებს ჩაიფიქრებენ აუცილებლად აუსრულდებათ.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მასში მონაწილეობას მიიღებენ: სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები და მსახიობები. ძირითადად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილები. ხოლო ასაკიანი შემსრულებლები საკუთარი სახლების ფანჯრებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან ჩაერთვებიან. კონცერტები 6 და 14 იანვარსაც გაიმართება.