LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოლო კონცერტს, რომელიც პატარა საჩუქარი იქნება ქალბატონებისთვის, 5 მარტს გავმართავ” – სანდრო ნებიერიძე კონცერტს ვაჟა აზარაშვილის ხსოვნას უძღვნის

1236
თეო-ჯორბენაძე;-სანდრო-ნებიერიძე

21 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ს პროდიუსერი თეო ჯორბენაძე და პიანისტი სანდრო ნებიერიძე სტუმრობდნენ, რომელთაც 5 მარტს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს.

(სანდრო ნებიერიძე) სოლო კონცერტს, რომელიც პატარა საჩუქარი იქნება ქალბატონებისთვის, 5 მარტს გავმართავ, მერე კი, გერმანიაში გავემგზავრები, რადგან ახალი სასწავლო სემესტრი იწყება.

(თეო ჯორბენაძე) მიხარია, რომ ბოლო დროს ქართული საზოგადოება, არა ნეგატიური, არამედ პოზიტიური მოვლენების გარშემო, თუნდაც ქართველი სპორტსმენების წარმატების გულშემატკივრობით ერთიანდება. მინდა მივულოცო გამარჯვება ჩვენს ჩემპიონებს, თუმცა ჩვენს შემოქმედებით გაერთიანებას საკუთარი ჩემპიონები ჰყავს, რომელთა საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა და გამარჯვება ყოველთვის უამრავ ადამიანს აერთიანებს სოციალურ ქსელში, რადგან მათი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება, სიხარული და ბედნიერებაა.

ძალიან მიყვარს სანდრო, რომელიც ნიკოლოზ რაჭველის წყალობით აღმოვაჩინე. წლების წინ სწორედ ნიკოლოზისგან გავიგე პირველად, რომ 9 წლის სანდრო არა მხოლოდ ბრწყინვალე პიანისტი, არამედ არაჩვეულებრივი კომპოზიტორი იყო. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და მიხარია, რომ ამდენი წელია ვმეგობრობთ. ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა გვყავს, უამრავი შემოქმედებითი პროექტი და ბედნიერი დღე მაკავშირებს ამ ახალგაზრდებთან. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას, ანდრო ბასილაიას და ნინო სულაძეს, რომელთაც სულ ცოტა ხნის წინ მომწერეს, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს პროექტს და ხარჯის დაფარვაში დაგვეხმარებიან, რაც ძალიან სასიხარულოა.

რა თქმა უნდა, ყველა ხელოვანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ სანდროსთან ყოველთვის მარტივია მუშაობა. მეტიც, იმდენად დიდი ბედნიერებაა ჩვენი ურთიერთობა, რომ გვინდა ეს ბედნიერება სხვებსაც გავუზიაროთ.

(სანდრო ნებიერიძე) თეო მართლაც უნიკალური ადამიანია, რადგან ყოველთვის ბრწყინვალედ აწყობს მუსიკალურ ღონისძიებებს. სამწუხაროდ, სხვა მუსიკოსების მსგავსად მეც ძალიან არაორგანიზებული ვარ, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ გამოსწორებას, რადგან სხვანაირად არ შეიძლება. ხშირად ვკარგავ ნოტებს და საერთოდ არ მეხერხება საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის თეოს, ჩემს მშობლებს და პირველ რიგში დედას, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას. სწორედ ის მეხმარება საორგანიზაციო საკითხებში, კონკრეტულ ადამიანებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში, რადგან თვითონ ერთი იმეილის დაწერასაც ვერ ვაბამ თავს. ვფიქრობ, ნებისმიერი მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია ამგვარი ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა, რათა ჩვენ მთელი დრო მუშაობასა და მეცადინეობას დავუთმოთ.

(თეო ჯორბენაძე) მიხარია, რომ 5 მარტს სანდროს სოლო კონცერტი მოეწყობა, რადგან დიდი ხანია არ გამოსულა პუბლიკის წინაშე სოლო პროგრამით. ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ახალგაზრდები საზღვარგარეთ მეტად პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ, თუმცა ყოველთვის ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას და ქართველი მელომანების საკუთარი კონცერტებით გახარებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საღამოების გამართვის სურვილს თვითონ გამოთქვამენ, რადგან მათთვის სწორედ საქართველოა მიზიდულობის ცენტრი, ამიტომ ყოველთვის ენთუზიაზმით აწყობენ კონცერტებს მშობლიურ კონსერვატორიაში.

(სანდრო ნებიერიძე) თითქმის ორი წელია საქართველოში სოლო კონცერტი არ მქონია. მახსოვს ბოლო საღამო 2022 წლის ოქტომბერში მოვაწყვე, თუმცა მაშინ მხოლოდ საკომპოზიციო კონცერტი იყო, რომელზეც მხოლოდ ჩემი ნაწარმოებები შესრულდა. კონცერტში ჩემი მეგობრები, მათ შორის ლიზა რამიშვილი მონაწილეობდა, რომელმაც პირველმა შეასრულა ჩემი სავიოლონჩელო სონატა. ურთულესი ნაწარმოები იყო, რადგან უცნაური პერიოდი მქონდა და ძალიან რთულ ნაწარმოებებს ვწერდი. მართალია, 5 მარტს ჩემი 3 ნაწარმოები შესრულდება, მაგრამ მაყურებლის წინაშე მაინც პიანისტის რანგში წარვდგები და ერთგვარ ანგარიშს ჩავაბარებ და 3 წლის მანძილზე ევროპაში შეძენილ გამოცდილებას, შთაბეჭდილებებს მოკლე ისტორიებით გავუზიარებ. ამასთანავე, მოკლე ინფორმაციას მივაწვდი იმ ნაწარმოებებსა და მათ ავტორებზე, რომელთაც შევასრულებ, რადგან დარწმუნებული ვარ დარბაზში გამოცდილ მელომანებთან ერთად ის ადამიანებიც მრავლად იქნებიან, ვინც ნაკლებად იცნობს მუსიკის ისტორიას.

ძალიან მიყვარს მუშაობის პროცესი, რადგან ყოველთვის მაინტერესებს რა გამოვა საბოლოო ჯამში. ორი აბსოლუტურად განსხვავებული სტილის პედაგოგი მყავს, მე ქართულ მუსიკაზე დაფუძნებული საკუთარი სტილი და კულტურა მაქვს, ამიტომ ყოველთვის საინტერესოა, სამი რადიკალურად განსხვავებული სკოლის გაერთიანებით მიღებული შედეგი.

მართალია, გერმანელები კარგად იცნობენ საქართველოს, მაგრამ ქართული კულტურა, ხასიათი და ემოციები მაინც უჩვეულოა მათთვის, რადგან ქართველებს ხშირად ველურობაში გადაგვდის ემოციები. თუმცა, უცხოელები ამ თვისებაშიც ეგზოტიკას ხედავენ. სხვათა შორის, ემოციების გამოხატვა გერმანელებსაც კარგად შეუძლიათ, კონცერტებზე ხშირად გვამხნევებენ შეძახილებით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით, თუ ჩვენი გამოსვლა მართალ მოეწონათ.

(თეო ჯორბენაძე) ჩემთვის ძალიან სენსიტიური მომენტი იყო ბატონი ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალება. სწორედ იმ დროს ვგეგმავდით კონცერტს, სანდრომ თვითონ გამოთქვა სურვილი მიეძღვნა საღამო ბატონი ვაჟას ხსოვნისთვის, რომელსაც ყოველთვის ძალიან უყვარდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტის შენარჩუნება ძველსა და ახალ თაობას, წარსულსა და მომავალს შორის.

(სანდრო ნებიერიძე) ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ბატონი ვაჟას გარდაცვალება. ძალიან ვმეგობრობდით, ყოველთვის სტუმრობდა ჩემს კონცერტებს და იმედი მქონდა ახლაც ვნახავდი, თუმცა გერმანიიდან ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი და ძალიან გული დამწყდა, ამიტომ ჩემი კონცერტი პირველ რიგში მას მიეძღვნება და ერთგვარი დამშვიდობება იქნება, რადგან ძალიან ბევრის თქმა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი.

(თეო ჯორბენაძე) ბატონი ვაჟას დაბადების დღე მახსენდება, რომელიც პანდემიას დაემთხვა. სიურპრიზი მოვუწყვეთ, პატარა საღამო გავაკეთეთ, მისი ნაწარმოებები შევასრულეთ და ვიწრო წრეში გადავუხადეთ დაბადების დღე. მიხარია, რომ 5 მარტის კონცერტიც ბატონ ვაჟას მიეძღვნებ, მით უფრო, რომ დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალე საღამო გამოვა.

არანაკლებ საინტერესო კონცერტი ელით მელომანებს 3 მარტს, როცა სანდრო მეგობრებთან ერთად შეასრულებს შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებს, 10 მარტს კი, მსმენელის წინაშე უნგრული გუნდი წარდგება 6 მომღერლის შემადგენლობით. გუნდის კომპოზიტორმა, რომელსაც რუსი და უკრაინელი მშობლები ჰყავს საოცარი რეკვიემი დაწერა და უკრაინაში დაღუპულ უდანაშაულო მოსახლეობას მიუძღვნა. არაჩვეულებრივი საგუნდო მუსიკის საღამო მოეწყობა, რადგან წმინდა ეფრემის სახელობის გუნდი, რომელმაც 17 ალბომი ჩაწერა კლასიკური და პოპ-მუსიკის კომპოზიციებით, ძალიან საინტერესო კოლექტივია. განსაკუთრებული საღამოს მოწყობა იგეგმება 21 მარტს რუსთაველის თეატრშიც, რადგან პუბლიკის წინაშე ბექა გოჩიაშვილი წარდგება.

მიხარია, რომ სანდროს კონცერტი განსხვავებული ფორმატით გაიმართება და მუსიკასთან ერთად ინფორმატიული ხასიათიც ექნება. ძალიან ბევრი სათქმელი დაუგროვდა 3 წლის მანძილზე და სწორედ საკუთარ გამოცდილებას, ემოციებს გაუზიარებს საზოგადოებას. თავის დროზე „კონცეპტ-არტიც“ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, ძალიან გვინდოდა იმ ადამიანების გაერთიანება, ვისაც საკუთარი კონცეფცია, აზრი და შეხედულება ჰქონდა.

(სანდრო ნებიერიძე) სხვათა შორის, ლექსების კრებული გამოვეცი, რომელიც თვითგამოხატვის ახალ საშუალებად იქცა. ლექსები, რომელთა წერა გერმანიაში დავიწყე,  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს და მოვლენებს ეძღვნება.

ეს ლექსი გერმანიაში ახალმა ჩასულმა დავწერე საკმაოდ მძიმე ემოციურ ფონზე. 

სიგარეტის წევა-წევით მოვეშურები სიზმრიანი მთებიდან,

უცნაურ ბილიკზე უცნაური ნაბიჯით მოვდივარ,

ვერ ვხვდები ბილიკია უსწორმასწორო, ხოლო ნაბიჯი ჩემი თანაბარი თუ პირიქით,

ვერც იმას ვხვდები, ამხელა ნისლი საიდან ჩამოწვა,

ქედი მოიქუფრა, თუ ჩემი ეული კვამლი სიგარეტის ტირის,

ასწლეულების მერე, როდესაც თამბაქოს ღეროსაც ბოლომდე მოვწევ,

შევაღებ ქოხის ჭრიალა ღობეს და მივხვდები,

სახლი ის აღარაა, რაც და როგორიც დავტოვე,

არც მე აღარ ვარ ისიც, რომელმან განვლო და მოსრა გზა იგი გრძელი,

მომინდება რომ დავანთო ცეცხლი,

შიგნით კი ახალი, მშრალი სიგარეტის წვერი რომ შევყო,

უკიდეგანოდ შევისუნთქო და უკან შემოვდგე გამოვლილ გზას,

მაგრამ ვაი, რომ დამეზარება,

სანაცვლოდ ნისლიან მთებს გაბრუნებას,

სარწეველაში ჩაძირვას ვარჩევ და მივეცემი უფერულ თვლემას.

ზმანების ქედზე ვეღარ ჩაწვება უცხო ბურანი,

ვერც მე გავივლი გაურკვეველი ნაბიჯით ბილიკს გაურკვეველს

და ვეღარც სიზმარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც სულ ადრე იყო.

ნაწარმოებების მსგავსად, ზოგჯერ ლექსებიც ძალიან რთული მაქვს. არ ვიცი, ალბათ არის ისეთი რაღაცეები, რაც ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა ძალიან მაწუხებს. ვფიქრობ, რთული ნაწარმოებები – დამძიმებული განწყობის პოზიტიურად გადმოცემის ერთგვარი მცდელობაა.

განსაკუთრებით მძიმე პერიოდი მქონდა გერმანიაში ახლად ჩასულს, რადგან სრულიად მარტო აღმოვჩნდი და ისეთი ფიქრები მომეძალა, რომელთა დაძლევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სწორედ იმ პერიოდში დავწერე საფორტეპიანო ესკიზი მარცხენა ხელისთვის, რომელიც ჩემი კომპოზიტორული ევოლუციის საუკეთესო განსახიერებად იქცა, ამიტომ 5 მარტის კონცერტზეც შესრულდება.  მაშინ მომინდა ჯაზური და კლასიკურ მუსიკის გაერთიანება, რაც მანამდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ჯაზი, თუმცა დიდხანს ვიყავი აყოლილი ერთგვარ სტერეოტიპს, თითქოს ჯაზური და კლასიკური მუსიკა შორს იყო ერთმანეთისგან. სხვათა შორის, ჩემი ნათლია საქართველოში ჯაზის საუკეთესო შემსრულებელი მაია ბარათაშვილია.

(თეო ჯორბენაძე) სხვათა შორის, გია ყანჩელიც საკმაოდ რთულ ნაწარმოებებს ქმნიდა, მსგავს შეკითხვაზე კი, პასუხობდა, რომ ჯობდა მუსიკა ყოფილიყო რთული და ხასიათი ჰქონოდა მსუბუქი, ვიდრე პირიქით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები