გაზაფხული სეზონური ალერგიებისთვის აქტუალური პერიოდია. რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუკი მცენარეული მტვრის მიმართ მგრძნობიარე ხართ და ალერგიული სიმპტომები გაწუხებთ?
ცნობილი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გვიზიარებს რჩევებს ამ თემასთან დაკავშირებით. მას ასევე ვკითხეთ, რამდენად ეფექტურია სინჯები, რომლებითაც კონკრეტულ მცენარეზე ადამიანის მგრძნობელობა ვლინდება…
ბიძინა კულუმბეგოვი:
სეზონური ალერგია მცენარეული მტვრის მარცვლის მიმართ ადამიანის ალერგიას ჰქვია. დაწყებული ადრეული გაზაფხულიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, როგორც კი ჰაერში გაჩნდება იმ მცენარეული მარცვლის კონცენტრაცია, რაზეც ადამიანს ალერგია აქვს, ვლინდება შესაბამისი სიმპტომები – შესაძლოა განვითარდეს კონიუქტივიტი (თვალის სიწითლე და ცრემლდენა), ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ცემინება, გამონადენი და ცხვირის ქავილი, შესაძლოა, ალერგიამ გამოიწვიოს ბრონქული ასთმის შეტევა, მისთვის ასევე დამახასიათებელია ხახისა და სასის ქავილი.
ყველანაირი ალერგიული დაავადება ინდივიდუალურია და შეიძლება, სხვადასხვანაირად გამოვლინდეს, იოლად, საშუალოდ ან მძიმედ. გარდა ამისა, ის სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული – როცა ალერგენი ჰაერში გადმოდის, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა, როცა მცენარე აყვავდება და პლუს, როცა მზიანი და ქარიანი ამინდია, რადგან ის ქარს 200-300 კილომეტრ რადიუსზე გადააქვს. თუკი დადგა სეზონური ყვავილობა და წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდია, ალერგენი მიწაში ჩაირეცხება, ადამიანი პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს მის ყვავილობას და სიმპტომებიც ნაკლებად გამოვლინდება…
რამდენად ეფექტურია სინჯების გაკეთება?
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, მას აქვს რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი დატვირთვა. მცენარეთა ოთხი ჯგუფი არსებობს: ხეები, ბალახები, მარცვლოვანი კულტურები და სარეველები. კანის სინჯით ან სისხლის ანალიზით დგინდება, რომელ მცენარეთა ჯგუფზე აქვს ალერგია ადამიანს. როცა ეს გამოირკვევა, სიმპტომების გამოჩენამდე ორი-სამი კვირით ადრე მან უნდა მიაკითხოს ექიმს და მოამზადოს საკუთარი თავი კონკრეტული მედიკამენტებით ყვავილობის დაწყებამდე.
ეს შედეგის მკურნალობაა, თუმცა არსებობს მეორე გზა – ვაქცინაცია. 2011 წელს იმუნოთერაპიას ასი წელი შეუსრულდა. როცა დადგინდება „დამნაშავე“ ალერგენი, პაციენტს უჩნდება შესაძლებლობა, გერმანული ან ფრანგული ვაქცინით, სამი წლის განმავლობაში გამოიმუშაოს იმუნიტეტი. პაციენტი იკურნება ერთხელ და სამუდამოდ. ეს მიზეზზე მოქმედებაა. ვაქცინაციის ასაკია 6 წლიდან 65 წლამდე. მეტი შესაძლებლობა, კვლევების მიხედვით, ჯერჯერობით არ არსებობს.
ბატონო ბიძინა, ერთ-ერთი ალერგიული მცენარეა ჭადარი, რაც თბილისში მრავლად არის. ადრე საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ჭადრის ხეები მოეჭრათ სწორედ ამ მიზეზით. არის თუ არა ეს გამოსავალი?
საქართველოში არის კარგი შესაძლებლობა – მცენარეული მტვრის აღმრიცხველი აპარატები დგას სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. აპარატები ზომავს ჰაერში იმ მომენტისთვის გადმოსული მცენარეული მტვერის კონცენტრაციას. მეოთხე წელია, გვაქვს შედეგები და შეგვიძლია, მათ მიხედვით ვიმსჯელოთ. ახლა თბილისში არის კიპარისის (გამწვანებისთვის ძალიან აქტიურად გამოიყენება) მტვერი, უფრო მეტი, ვიდრე ჭადრის, ამიტომ ჭადრების განადგურება არავითარ შვებას არ მისცემს მოსახლეობას. ჯობს, გამწვანების პროცესი პოლინაციის შედეგების გათვალისწინებით წარიმართოს.
როცა ალერგიულ ადამიანს ემართება ანოფილაქსიური შოკი, რითი შეიძლება მისი დახმარება?
ეს სეზონური მოვლენა არ გახლავთ – მას სამი გამომწვევი მიზეზი აქვს: ნაკბენის ალერგია (ფუტკრისა და კრაზანის), წამლისგან განვითარებული შოკი და კვებითი ალერგია. ეს არის სამი „მკვლელი“ ალერგია. თუ ის პაციენტს არასდროს დამართნია, წინასწარ მზაობით ვერავინ შეხვდება. თუკი ადამიანს გადატანილი აქვს ერთხელ მაინც, მაშინ მან, სადაც უნდა წავიდეს, უნდა ატაროს რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი, ასევე პრედნიზოლონის ან დექსამეტაზონის ამპულა. ჩვენთან არ არის და იმედია, ოდესმე შემოვა მზა შპრიცი ადრენალინის შემცველობით, ავტოინექტორი, რომელიც პაციენტს, ექიმის დახმარების მოლოდინის გარეშე, შეუძლია თავად გაიკეთოს. ამას ეძახიან „ნაჩუქარი სიცოცხლის 30 წუთს“. შემდეგ კი სწრაფადვე უნდა მიმართოს სამედიცინო პუნქტს.
სტომატოლოგთან ვიზიტზე მინდა გკითხოთ. ბევრი მათგანი წინასწარ ითხოვს სინჯს ალერგიაზე. ეს სავალდებულო უნდა იყოს თუ არა და რამდენად სწორად აჩვენებს სინჯი პასუხს?
ჩვენ ვსაუბრობთ საანესთეზიო საშუალებებზე, რასაც სტომატოლოგები იყენებენ. ამ და სხვა ნებისმიერ წამალზე რეაქციის ორი ვარიანტი არსებობს – 1. როცა წინასწარ იცი, რა შედეგი იქნება, ვთქვათ, დიდი რაოდენობით კოფეინის ტაბლეტის მიღებისას აუცილებლად აგიჩქარდებათ გული, 2. არსებობს 90% რეაქციებისა, წინასწარი პროგნოზირების გარეშე. ამიტომ წამლის მიმართ სინჯი საანესთეზიო საშუალებაზე უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს ოდესმე გადაუტანია ალერგიული რეაქცია მათზე, სწორედ მას აქვს მხოლოდ ასპროცენტიანი ჩვენება ალერგოლოგთან ვიზიტზე და მისი დახმარებით წამლის შერჩევაზე. სინჯი ვერასდროს აჩვენებს იმას, ექნება თუ არა ალერგია ადამიანს ამა თუ საანესთეზიო საშუალებაზე. შეცდომაა ამ სინჯის გაკეთება პრევენციის მიზნით, რადგან ის არაფრის მომცემი არ იქნება. ეს ზედმეტი ხარჯია. მით უმეტეს, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, თუკი მათ არ აქვთ თანმდევი ალერგიული ფონი.
დაბოლოს, თქვენი რეკომენდაციები გაგვანდეთ…
სეზონური ალერგიის დროს გირჩევთ:
მზიანი და ქარიანი ამინდის შემთხვევაში, თუკი აქვს ამის შესაძლებლობა, უნდა მოერიდოს ქუჩაში სიარულს.
თუკი ადამიანი არის ალერგიული და მანქანით გადაადგილდება, ყველა ფანჯარა უნდა ამოსწიოს და ჩართოს კონდიციონერი.
როცა პაციენტი ქუჩიდან შინ ბრუნდება, სამოსი უნდა გამოიცვალოს.
სიტუაციას ამსუბუქებს შხაპის გადავლებაც.
რაც შეეხება მედიკამენტებს, არსებობს ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ურეცეპტოდ იყიდება, მაგრამ თუკი პაციენტი ატყობს, რომ მათი მიღებიდან 4-5 დღის შემდეგ სიმპტომები იგივე რჩება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
ნინო მურღულია