სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინციდენტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვა, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა.
“იმისათვის, რომ მომხდარი ფაქტი არ დარჩეს ბუნდოვანი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო” – განაცხადეს უწყებაში.
„რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს შეიკავებს. ეს ჩანაწერი ბრიფინგის დასრულების შემდეგ წარედგინება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს”, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ ბრიფინგზე.