“სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება,” – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენის პროცესი.
„ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ღონისძიებების ფარგლებში ხდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში ამ დროისთვის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება“ – ნათქვამია განცხადებაში.
სოფელ ჭუბერსა და ხაიშში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმის წარომადგენლები კვლავ ადგილზე რჩებიან.