Spotify-იმ 2025 წლის ზაფხულის მთავარი ჰიტები დაასახელა. მუსიკალურმა სტრიმინგ-პლატფორმამ შედეგები იმ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, თუ რომელ სიმღერებს ,,სტრიმავდნენ” აქტიურად სერვისის მომხმარებლები ბოლო 3 თვის განმავლობაში. სეზონის ყველაზე პოპულარული ჩანაწერების ჩამონათვალში, 5 სიმღერა განსაკუთრებით გამოირჩა.
გაირკვა, რომ მელომანების უმრავლესობა ,,სფოთიფაის” ყველაზე ხშირად ისეთი სიმღერების მოსამენად სტუმრობდა, როგორებიცაა: ალექს უორენის Ordinary, Moliy-ის, Silent Addy-ის, Skillibeng-ისა და Shenseea-ის Shake It to the Max (Fly), რევინ ლენეს Love Me Not, საბრინა კარპენტერის Manchild და Sombr-ის Back to Friends.
აღსანიშნავია, რომ ტრეკით – Espresso საბრინა კარპენტერი შარშანდელი ზაფხულის ტოპ ხუთი ჰიტის სიაშიც შედიოდა.
შვედური სტრიმინგ-სერვისი – Spotify, 2006 წლიდან მუშაობს. ის ერთგვარ მუსიკალურ ბიბლიოთეკას წარმოადგენს მუსიკის მოყვარულთათვის, რადგან მასზე მილიონობით მუსიკალური კომპოზიციის მოსმენაა შესაძლებელი. საქართველოში ოფიციალურად სერვისი, 2021 წელს ამოქმედდა.