საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, საქართველოსთვის ასოცირების დღის წესრიგის გადახედვაზე საუბარი არ ყოფილა. დავით ზალკალიანის თქმით, წელს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციამ უმაღლესი შეფასება მიიღო.
ამის შესახებ ზალკალიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა
„ვინც ამას ამტკიცებს და ბმას აკეთებს ასოცირების შეთანხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ მინდა ცუდი რამ გამოვიყენო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მავნებლობა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სვლაა, მეტი არაფერი, რადგან მსგავსი რამ არ განხილულა და არც იქნება.
უშუალოდ მივიღე მონაწილეობა პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაში, ეს მეექვსე სხდომა იყო. წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ასეთი შინაარსიანი, კარგი, გამორჩეული საბჭო ჩვენ არ გვქონია. ეს რომ ასეა, ნახეთ ტექსტი, ერთობლივი დეკლარაცია, რომლის წაკითხვაც ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად უჭერენ მხარს იმ რეფორმებს, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესრულების თვალსაზრისით. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციამ უმაღლესი შეფასება მიიღო, ყველაზე პოზიტიური მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ამიტომ, სრული სისულელეა ის, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა”.- განაცხადა ზალკალიანმა.