LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტამბოლში უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი და დაავადებული ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ…“ – როგორ დამთავრდა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, რას ამბობენ მხარეები

151
მოლაპარაკებები სტამბოლში

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

„ჩვენ მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების „ყველა ყველას სანაცვლოდ“ გაცვლის შესახებ შევთანხმდით. მეორე კატეგორია კი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდა სამხედროებია. ასევე, ჩვენ შევთანხმდით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების „6000-6000-ზე“ დაბრუნების შესახებ“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაციამ რუსულ მხარეს ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო მონაწილეობით.

„მიგვაჩნია, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი აქვს, თუ მისი მიზანი ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება იქნება. ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა ამ თვის ბოლომდე, 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაიმართოს. ეს მოლაპარაკებების პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა უმეროვმა.

უმეროვმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის დელეგაციას ასეულობით გატაცებული უკრაინელი ბავშვის სია გადასცა, რომლებიც რუსეთმა უნდა დააბრუნოს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ რუსეთის წინადადება პირველად ნახა.

„ჩვენს გუნდებს დოკუმენტების შესასწავლად ერთი კვირა ექნებათ, ამის შემდეგ კი შემდგომი ნაბიჯების კოორდინირებას შევძლებთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

საკითხზე ისაუბრა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ. მისი თქმით მათ უკრაინულ მხარეს მემორანდუმი გადასცეს.

„ის ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ ხანგრძლივ მშვიდობას. ხოლო მეორე ნაწილი ეხება იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სრული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“, – განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.

მისი თქმით, მომავალ კვირაში რუსული მხარე უკრაინას 6 000 უკრაინელი სამხედროს ცხედარს გადასცემს.

„პირველ რიგში, ჩვენ უკრაინულ მხარეს გარდაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების 6 000 გაყინულ ცხედარს გადავცემთ. ჩვენ, ვინც შეგვეძლო, ყველას იდენტიფიცირება მოვახდინეთ“, – აღნიშნა მედინსკიმ.

ასევე, მედინსკის ცნობით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მძიმედ დაჭრილი სამხედროებისა და ახალგაზრდა ჯარისკაცების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ, სულ მცირე 1 000 სამხედროს ოდენობით.

მედინსკის განცხადებით, რუსეთის დელეგაციამ უკრაინულ მხარეს ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებში ცეცხლის დროებით შეწყვეტა შესთავაზა.

„ჩვენ ორი ან სამი დღით ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, რათა მეთაურებმა ჯარისკაცების ცხედრები მიიღონ“, – განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა „ბავშვების საკითხიც განიხილეს და მან უკრაინას 339 ბავშვის სია გადასცა“.

„ეს სია კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებამ ბავშვთა გატაცების საკითხი შოუდ აქცია, რომელიც ევროპელებისთვისაა განკუთვნილი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ.

მოგვიანებით გავრცელდა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაც, რომელმაც სურვილი გამოთქვა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა ანკარაში ან სტამბოლში გაიმართოს:

„ასევე, მსურს, ამ შეხვედრაზე ტრამპიც მოვიწვიო. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს უახლესი მოლაპარაკებების შემდეგ გადავდგამთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, დღეს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა „შესანიშნავი“ იყო.

„დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. მხარეებს შორის ტყვეების გაცვლამ 1000-ს გადააჭარბა. ტყვეების გაცვლის გარდა, რუსული და უკრაინული მხარეები ცხედრების გაცვლის შესახებაც შეთანხმდნენ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g