თუ დამწყები ტექნოლოგიური სტარტაპი გაქვთ და საკუთარი გუნდისა და იდეის განვითარების სურვილი გაქვთ, Impact Hub Tbilisi სპეციალურ პროგრამას გთავაზობთ, რომლითაც ინვესტიციის მოზიდვის უნარებსაც გამოიმუშავებთ.
პრე-აქსელერატორში წინასწარი განაცხადების საფუძველზე შერჩეული 20 ადგილობრივი სტარტაპი ჩაერთვება. მონაწილეობა შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.
პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები) და 12 კვირას (ოქტომბერი 2023 – იანვარი 2024) გაგრძელდება. აქსელერაციის ბოლოს, დემო დღეზე, მონაწილეებს საკუთარი იდეების პოტენციური ინვესტორებისა და პარტნიორების წინაშე წარდგენის საშუალება ექნებათ.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.
„ფორტუნა“ სტარტაპ პრე-აქსელერატორის მნიშვნელობის შესახებ Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელს, ქეთევან ებანოიძეს ესაუბრა:
– სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ (ელენე ჟვანია და ქეთევან ებანოიძე – Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები; ნინუცა ნანიტაშვილი – DevRel პროგრამის მენეჯერი Google-ისთვის (EPAM); მირიან ხომერიკი – ტექნიკური პროექტების მენეჯერი, Clientela; ვასილ ჩუბინიძე – „ჟუჟუნა“ ღვინოს თანადამფუძნებელი, მარკეტერი) 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა ჩამოაყალიბა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.
პრე-აქსელერატორი განვითარების კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც აქვს ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპი, ჰყავს მოტივირებული გუნდი და მზადაა იდეისა და გუნდის განვითარებას დრო და ენერგია დაუთმოს. პრე-აქსელერატორის განმავლობაში მონაწილეები აქტიურად მუშაობენ სტარტაპის განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, პროდუქტის ვალიდაციაზე, ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაზე, მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე, მასშტაბირების პოტენციალის ზრდაზე, საინვესტიციო წინადადების მომზადებაზე და ა.შ. ასაკი არაა შეზღუდული.
საერთო ჯამში, პრე-აქსელერატორში სამი ნაკადი გვყავდა, 60 სტარტაპთან ვიმუშავეთ და პროგრამის გავლის შემდეგ დაახლოებით 15-მა მათგანმა მოახერხა და მოიპოვა დამატებითი ინვესტიცია/გრანტი, რომლის ჯამურმა თანხამ მილიონ ევროზე მეტი შეადგინა.
– რა მოლოდინი გაქვთ წლევანდელი პროგრამისგან?
– გვიხარია, რომ შემოსული განცხადების როგორც რაოდენობა, ისე ხარისხი ყოველწლიურად იზრდება. წელს გვაქვს სიახლე – სტარტაპებს პირველად ექნებათ საერთაშორისო ბუტკემპში მონაწილეობისა და საერთაშორისო მენტორების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ პროგრამაში ამჯერადაც მოტივირებული გუნდები ჩაერთვებიან.
პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 18 სექტემბერს, 17:00 საათზე კი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც დაინტერესებულ პირებს პროგრამის შესახებ მეტის გაგების, ორგანიზატორების გაცნობისა და პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის დასმის საშუალება ექნებათ.
სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები არიან Entreprenership Academy და სტარტაპერი.