„საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ საქართველოს“ პროექტში პირველი კონკურსის გამარჯვებულების დაფინანსება დაიწყო.
როგორც „ფორტუნას“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, პირველ კონკურსში გამარჯვებულ 36 პროექტიდან 8 ბიზნესპროექტთან ფონდმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა და პროექტებს დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გადასცა. საერთო ჯამში, ეს პროექტები 586 700 ლარით დაფინანსდა.
დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში, დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წარმოება/რეალიზაცია, ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება; კლინიკა ონლაინ; Tripplanner, Wingo, Georgian Toys Factory, CARGOHUB. სხვა გამარჯვებული პროექტების ავტორებთან მიმდინარეობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება, რის შემდეგ ბიზნესპროექტის განხორციელება დაიწყება. პროექტების დაფინანსება ხორციელდება პარტნიორთა შეთანხმების ყველა პირობაზე მოლაპარაკების და „სტარტაპ საქართველოსა“ და პროექტების კერძო მფლობელებს შორის ხელმოწერის შემდეგ.
პარალელურად, „საპარტნიორო ფონდი“ „სტარტაპ საქართველოს” პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ახალი ბიზნესპროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის კი მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.
როგორც საპარტნიორო ფონდში აღნიშნეს, 15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. იმ ბიზნესპროექტების ავტორებს, რომლებმაც პროგრამის პირველ კონკურსში შემოიტანეს განაცხადი და ვერ მოიპოვეს დაფინანსება, აქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის შევსების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მეორე კონკურსში, ასევე სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს” წარმომადგენლებთან და დახვეწონ ადრე წარმოდგენილი ბიზნესგეგმა.