LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტარტაპების დაფინანსება ერთ თვეში დაიწყება

75

ეს არის რეფორმა, რომელიც არამხოლოდ განათლების სიტემის გაუმჯობესებას, არამედ ქვეყნის განვითარებას მისცემს ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების – პროფესიული განათლების რეფორმის წარდგენსი დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას, რადგან საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არარსებობა.

“ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც იქნება დამყარებული საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. მას ექნება ამის საშუალება და არა მხოლოდ საშუალება – სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ასეთი ტიპის სასწავლო მოდელის არსებობა და განათლების ხარისხის ამაღლება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა და ერთდროულად მოქნილი ბიუროკრატია, ქვეყანას მისცემს საშუალებას  მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეტოს განვითარებაში.

„პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე ტიპის თავსმოხვეულ ინიციატივას სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის პროცესი როდესაც, ერთის მხრივ, კერძო სექტორი წინასწარ იღებს გარანტიას, რომ მას ეყოლება კვალიფიცირებული კადრი, ხოლო, მეორეს მხრივ,  სახელმწიფო ამ პროცესის შედეგად ამცირებს უმუშევრობას და ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს ეკონომიკის განვითარებას.“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების საქმიანი ინიციატივების რეალიზებისთვის მთავრობამ შექმნას შესაბამისი მექანიზმები.

“სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსოს საკუთარი იდეები ახალ პირობებში, რომლისთვისაც არ იქნება საჭირო ჩვეულებრივი საბანკო პროცედურების გავლა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება საპარტნიორო ფონდთან ერთად არსებული სპეციალური ფონდი და იქნება კონკრეტულად ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული.

“ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივი საბანკო პროცედურებისგან განსხვავებით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საკუთარი ბიზნესინიციატივები. ეს ინიციატივა მზადაა, ეკონომიკის სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად და მთავრობის სხვა წევრების ჩართულობით ამზადებს ამ ინიციატივას ჩასაშვებად, სავარაუდოდ, მაქსიმუმ ერთ თვეში ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას დაიწყებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების აზროვნება იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ მათ არასდროს გამორიცხონ საკუთარი ბიზნესწამოწყებების შესაძლებლობა და არ იყვნენ მხოლოდ დაქირავებულ სამუშაოზე ორიენტირებულები.

“დაქირავებულ შრომაში არაფერია დასაძრახი, მაგრამ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გვეყოლება, რომელიც შემდგომში სხვების დამსაქმებელი გახდება, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა და მით უფრო შეუქცევადი იქნება ეს პროცესი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები