სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით, მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული – შესაბამისი სტატისტიკა თან ახლავს პარლამენტში წარდგენილ პროექტს.
სტატისტიკის მიხედვით, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს აქვს შეჩერებული; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის – 1 134; ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის – 3 504; ქულების ამოწურვისთვის – 781; სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით – 327; სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო – 11 389.
შეგახსენებთ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენას და მართვის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, პირველი მოსმენით, 85-ხმით ერთხმად მიიღეს.
პროექტის თანახმად, კოდექსიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმეული მართვის უფლება, ვადაზე ადრე აღიდგინოს.
ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, პირებს, რომლებსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვთ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 116-ე და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადი ღონისძიების სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლდებიან, თუმცა სახდელდადებულად მაინც მიიჩნევიან.
ვის აღუდგება 1 იანვრიდან მართვის მოწმობა – რას აცხადებს არჩილ გორდულაძე
