მატჩის მსვლელობისას იყო საინტერესო ეპიზოდი – კომენტატორმა შეგვახსენა: “ოლ სტარის” გამოკითხვაში ხმა მიეცით კარის, დურანტსა და გრინსო… წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, ოპერატორმა სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფაჩულიას რომ “მიანათა” კამერა. კომენტატორმა სწრაფად შეასწორა:
– …და, რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულიას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკას წარმოადგენსო.
მალევე ტელეეკრანზე გამოჩნდა საინტერესო დაფა, რომელზეც ჩამოთვლილი იყო ყველა ქართველი კალათბურთელი, რომელსაც სხვადასხვა დროს NBA-ში უთამაშია. სტეფანიას, ცქიტიშვილისა და შენგელიას გვერდითაა ცაკალიდისი, ბერძნული წარმოშობის კალათბურთელი, რომელიც სოხუმში დაიბადა.
–
“გოლდენ სტეიტისა” და “მაიამის” მატჩის დასრულებისთანავე ოკლენდელმა ტელერეპორტიორებმა ინტერვიუ ჩაწერეს 24-ქულიან სტეფ კარისთან. “მეომრების” ლიდერმა ჯერ მატჩის შესახებ თქვა, ძალისმიერი ბრძოლა იყო, “მაიამიმ” დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიაო. შემდეგ გაიხსენა, რომ ბოლო საშინაო მატჩი “მემფისთან” წააგეს და მას მერე, ფლორიდელებთან გამარჯვება გუნდისთვის და გულშემატკივრის ხასიათის გამოსასწორებლად სასარგებლო იყო.
მესამე შეკითხვა ჟურნალისტმა ზაზა ფაჩულიას შესახებ დაუსვა. აი, კარის პასუხიც:
– ზაზა დაუჯერებელია! მას ძალიან უყვარს კალათბურთი, გუნდისთვის ბევრ სასარგებლოს აკეთებს. ფაჩულიას აქვს დიდი ემოცია, რაც გუნდზეც გადმოდის და წარმატებაში გვეხმარება. რაც შეეხება ბოლო პერიოდის მომენტს, ყველაფერი ზუსტად შესრულდა და ლამაზად გამოვიდა.
კონკრეტულად რომელ ეპიზოდს გულისხმობდა სტეფ კარი? – მატჩის დასრულებამდე 1:18 წუთით ადრე ფაჩულია საკუთარ საჯარიმოში დაზღვევაზე გადავიდა, რამაც მეტოქე ცოტა დააბნია, ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და სამქულიანისკენ გადავარდნილი ბურთისკენ ერთბაშად სამი კალათბურთელი გაეშურა. მათ შორის ფაჩულია, რომელიც ასეთ სიტუაციაში არაფერს თმობს – გადახტა, კორპუსით ბურთზე დააფარა და მეტოქის კალათისკენ გაჭრილ კარის საორქულიანედ უპასა. 100:89.
ამ ეფექტურმა მომენტმა დარბაზიც აიტაცა და ფაჩულიამაც ენერგია სრულად გადმოაფრქვია. საფინალო სირენამდე წუთით ადრე 11-ქულიანი სხვაობა ხომ გამარჯვების ტოლფასი იყო.
“გოლდენ სტეიტი” მომდევნო მატჩს 13 იანვარს თბილისის დროით 7:30 საათზე ჩაატარებს.
გაზეთი “ლელო”