LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული კიდევ ერთი მოქალაქის საჩივარი მიიღო

89
1

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლომ) 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ მომზადებული სარჩელი სახელწოდებით Berikashvili vs Georgia სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, შსს-ს მიერ დარბეულ დემონსტრაციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის სამართლებრივ ინტერესებს 2019 წლიდან “ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავს, 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

“შსს-ს მიერ ამ აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი სავარაუდოდ პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც მისი სხეულიდან – მხრის მიდამოდან ამოიღეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის კადრი მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა, რითაც დასტურდებოდა დემონსტრანტებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი.

მიყენებული ჭრილობის გარდა, ვახტანგ ბერიკაშვილმა განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი, როდესაც ხედავდა, სამართალდამცავები როგორი დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს.” – აცხადებენ “ადამიანის უფლებათა ცენტრში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ვახტანგ ბერიკაშვილი საგამოძიებო ორგანოების მიერ დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ “ადამიანის უფლებათა ცენტრი” თავიდანვე ითხოვდა, დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი.

“ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. მათ შორის, პროკურატურის უარი გასაჩივრდა სასამართლოშიც, საიდანაც ორგანიზაციამ ასევე უარი მიიღო.

დაზარალებულის სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები