ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, 2022 წლის 10 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე A and B v. Georgia გადაწყვეტილება გამოიტანა.
როგორც ორგანიზაცია წერს, 19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.
საია-ს ინფორმაციით, მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა.
„მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.“ – ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, ამ საქმეს საია ორგანიზაციებთან: „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) თანამშრომლობით აწარმოებდა.