LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტები ვაშლისა და ჭარხლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ

203

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ვაშლისა და ჭარხლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ. როგორც ”ფორტუნას” პროექტის იდეის ავტორმა, შალვა მძინარაშვილმა განუცხადა, წარმოება უახლოეს პერიოდში დაიწყება, მანამდე კი საწარმოს მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.

”აგრარულიმა უნივერსიტეტმა გამოგვიყო ფართი, სადაც მცირე საწარმოს მოვაწყობთ. საწყის ეტაპზე მხოლოდ ვაშლის ჩიფსებს გამოვუშვებთ, რადგან ვიცით, რომ საზოგადოების მხრიდან მასზე მოთხოვნაა. რაც შეეხება  ჭარხალის ჩიფსებს,  ჯერ შევეცდებით სატესტო რეჟიმში გამოვუშვათ”, – აღნიშნა შალვა მძინარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ”სმარტთან” და ”კარფურთან”, სადაც ვაშლის ჩიფსების რეალიზაცია მოხდება.  რაც შეეხება, ფასებს,  პროექტის იდეის ავტორი ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, ჯერ ვერ აკონკრეტებს.

“ჩვენი მთავარი მიზანია, ბოსტნეულსა და ხილს ისეთი სტრუქტურა მივცეთ, რომ ყველასთვის უფრო მისაღები და ამავდროულად სასარგებლო იყოს. ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქცია ბავშვებისთვისაც და მათი მშობლებისთვისაც ერთნაირად საინტერესო იქნება”, – განმარტა მძინარაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული ჩიფსებით ესტონეთის საექსპორტო ბაზარი უკვე დაინტერესდა. გარდა ამისა, პროქტის ავტორის თქმით,  ჭარხლისა და ვაშლის ჩიფსების დასაგემოვნებლად უახლოეს დღეებში ამერიკელებიც ჩამოვლენ და დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლოა მათთან თანამშრომლობაც დაიწყოს.

ცნობისთვის, აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტთან ერთად, შალვა მძინარაშვილმა პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი “სტუდენტური ინოვაციების” პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო. სწორედ ამ თანხებით აპირებენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები საწარმოს ახალი დანადგარებით აღჭურვასა და წარმოების გაფართოებას. მანამდე კი, თვიურად  ვაშლის ჩიფსის 5 ათასი პაკეტის გამოშვება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები