„ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, მეტი რომ არ შეიძლება! სად აქვს სტუდენტს იმის საშუალება ხუთიათასები იხადოს და მერე რა ხდება, უნდა დააპატიმრონ? ზოგიერთი რეგიონიდან არის, ბინის ქირასაც კი ვეღარ იხდის…“, – ამის შესახებ მსახიობმა ლეო ანთაძემ ამბები.ჯი-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რითაც ის იმ გაფიცულ სტუდენტებს გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
მისი თქმით, სტუდენტების მიმართ ასეთი მოპყრობა მსოფლიოს არ ახსოვს.
„სტუდენტების მიმართ ასეთი მოპყრობა არასოდეს ყოფილა, მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი რამ, რაც დღეს საქართველოში ხდება.
სტუდენტებს მხარს დავუჭერდი და მათ გვერდით ვიდგებოდი, მაგრამ ვეღარ დავდივარ, წონასწორობას ვეღარ ვიცავ. დღეს ორ ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, ჯანმრთელობამ მიღალატა… თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია. არც წამალი, არაფერი შველის.
ზამთარში ძალიან მკაცრად გამოვედი, არ მოეწონათ და მაგრძნობინეს… ამაზე მეტს ვერ გეტყვით, თავს შევიკავებ. ან რაღა უნდა გითხრა იმაზე მეტი, რაც ხდება, ეს რომ ძალიან დიდი უსამართლობაა!“, – ამბობს ლეო ანთაძე.