LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: კანდიდატის სტატუსს ნაკლებად ველოდები – ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ანტიკონსტიტუციურია

46

„ჩვენ ყველაფერ ამას მივიღებთ, შეგვრჩება დამახინჯებული კონსტიტუცია, მაგრამ ევროკავშირში კანდიდატობის სტატუსს მაინც არ მოგვანიჭებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან „POS TV-ის“ ეთერში აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიუხედავად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მაინც ვერ მიიღებს.

სუბარის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ საქართველომ მაინც უნდა შეასრულოს ისინი, რათა კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება ისევ საქართველოს არ დაჰბრალდეს.

„დასავლურ ინტეგრაციაზე როცა ვლაპარაკობთ ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით, აღარ გავიმეორებ რამდენად ანტისამართლებრივი და ანტიკონსტიტუციურია ზოგიერთი ის ცვლილება, რომლებსაც გვთავაზობენ.

მაგრამ რადგანაც ამასთან არის დაკავშირებული ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, კი ბატონო, მხარს ვუჭერთ, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია მართლაც ეს პროცესი.

თუმცა ბევრი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება ნულოვანი. ჩვენ ყველაფერ ამას მივიღებთ, შეგვრჩება დამახინჯებული კონსტიტუცია, მაგრამ ევროკავშირში კანდიდატობის სტატუსს მაინც არ მოგვანიჭებენ.“– განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, კანდიდატობიდან წევრობამდე შეიძლება 20 და 30 წელი იყოს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ კანდიდატის სტატუსსაც ნაკლებად ელოდება.

„თუმცა მცდელობა ჩვენ მაინც არ უნდა დავაკლოთ, თუნდაც ამისთვის ევროპელების მიერ ნაკარნახევი ისეთი არაევროპული შესწორებების მიღება გვიწევდეს კონსტიტუციაში, როგორიცაა, მაგალითად, პროკურორის არჩევის წესი. ამით ქვეყანა არ დაიღუპება. იმ პრობლემასაც გადავლახავთ, რაც იქნება ამ წესთან დაკავშირებული.

სამაგიეროდ, არ უნდა ჰქონდეს სათქმელი არავის, რომ რაღაც არ გავაკეთეთ და ამის გამო არ გაძლევთ კანდიდატის სტატუსს. ჯოხი ჩვენზე არ უნდა გადატყდეს.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

პოპულარულები