“ქალბატონ სალომეს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ვლაპარაკობთ დიალოგზე, კონსენსუსზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, ის ნამდვილად არ გულისხმობს და არ იგულისხმებს, რომ დამნაშავემ პასუხი არ უნდა აგოს,”-ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
„დიალოგი უნდა შედგეს საქართველოს მომავალზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს და დიალოგიც ეს არის. ქალბატონ სალომეს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ვლაპარაკობთ დიალოგზე, კონსენსუსზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, ის ნამდვილად არ გულისხმობს და არ იგულისხმებს იმას, რომ დამნაშავემ პასუხი არ უნდა აგოს. ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ თანამოაზრეები ვართ. არანაირი დიალოგი არ მქონია, მაგრამ ვიცი ქალბატონი სალომეს პოზიცია. როდესაც ლაპარაკი იყო კრიმინალის, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, მან თქვა ორჯერ, მკაფიოდ და არაორაზროვნად – არა და არასდროს! დარწმუნებული ვარ, ის ამ პრინციპის ერთგული დარჩება. ამ პრინციპის გადახვევა ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ვერასდროს შედგება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, რაც ყველაზე კარგად ქალბატონმა სალომემ იცის“, – განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ პოლარიზაციის ერთადერთი გამომწვევი წყარო არის „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებს, თუ მის ანასხლეტებს წარმოადგენს.
„ქალბატონ სალომეზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო, ვისგან მოდის მუდმივი დაპირისპირება და პოლარიზაცია“, – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილზე უკეთ არავის ახსოვს ის უდიდესი ცილისწამება, სიცრუე და სიმწარე, რაც მან გამოსცადა, როდესაც კენჭს იყრიდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.
„ადამიანს, რომელიც არის ამ ქვეყნის უდიდესი პატრიოტი, მთელი თავისი ცხოვრებით, გამოცდილებით, აღზრდით, შეგნებით, წინაპრებით და შთამომავლობით, რომელთა ერთადერთი მიზანი ამ ქვეყნის მსახურება იყო, რუსეთის აგენტობა და მსახურება დააბრალეს. და ვინ დააბრალა?! – ადამიანმა, რომელიც რუსეთის „კაგებეს“ ჩვეულებრივი და არც თუ დაბალი დონის თანამშრომელი იყო. ასევე, მისმა მხარდამჭერებმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
