„ვფიქრობ, ძალიან გადაჭარბებულად არის ეს თემა წამოწეული. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ რატომღაც დღეს, 6 წლის წინანდელი ამბავი წამოვწიეთ – რა მოხდა და როგორ და, არავინ არაა ამით თავატკივებული, ან გემო არ მოსწონს… ამ თემას დაზარალებული არ ჰყოლია არც მაშინ და დღემდე“, – ასე უპასუხა „ყვარლის ბაგას“ მფლობელმა ლაშა პაპაშვილმა bm-ge-სთან ინტერვიუში წამყვანის შეკითხვას, რატომ აჭმევდა „ყვარლის ბაგა“ საქონელს ქათმის ნაკელს 2018-2019 წლებში.
ბიზნესმენმა გადაცემაში „წერტილში“ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც რამდენიმე დღის წინ, კომპანია „ყვარლის ბაგას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ 2015-2020 წლებში „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018 -2019 ფერმის კვების რაციონს გადამუშავებული ქათმის ნარჩენი დაემატა;
ლაშა პაპაშვილი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც კომპანია „ჩირინას“ მიერ მიწოდებულ ქათმის ნაკელში ანტიბიოტიკების კვალი აღმოაჩინეს, 2019 წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და მას შემდეგ „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნაკელი აღარ გამოუყენებია.
„ამ ინდუსტრიაში ძალიან ნორმალურია… როგორც „ყვარლის ბაგას“ განცხადებაშიც ეწერა, 2015-2020 წლებში გვყავდა ებრაელი მენეჯერი და 2018-2019 წლებში საქონლის კვების რაციონში ვიყენებდით ქათმის ნაკელს. ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც – https://www.feedipedia.org/node/66. ებრაელმა კონსულტანტმა როცა დააყენა ეს საკითხი, იმდენად არგუმენტირებულად თქვა, ვერ შევეწინააღმდეგეთ. თვითონვე შემოიარა ფერმები საქართველოში და თქვა, რომ ვერ მივიღებ ამ ფერმებისგან [ნაკელსო]; მაშინ ჩემი რჩევა იყო – „ბიუ-ბიუს“ ფერმა ნახე?! ის უფრო ევროპული სტანდარტისაა“. რამ მათქმევინა… ებრაელი მენეჯერი წავიდა, ნახა და თქვა – „ესენი უფრო კარგები არიანო, ხარისხიანი ფერმააო…
– თუმცა ამბობთ, რომ ახლა საქონლის კვების რაციონში ქათმის ნაკელს არ იყენებთ…
– სულ 1 წელი იყო ეს ქეისი… დაახლოებით, 7-8 თვე იკვება საქონელი [ქათმის ნარჩენით], რაც პროტეინის შემცველი დანამატია ეს და ინდუსტრიისთვის ცნობილია“
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყვარლის ბაგამ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. ასევე გაირკვა, რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი “ყვარლის ბაგა” ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა.