თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, 1924 წლის 24 აგვისტოს, დაიბადა ბიჭუნა, რომელსაც მომავალში ყველა ფეხბურთელის კარიერას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ბედი სხვაგვარად წარიმართა. 14 წლის ასაკში, ტრამვაიზე შეხტომისას, უბედური შემთხვევის შედეგად, გოგი ცაბაძემ მარცხენა ფეხი დაკარგა. ეს ტრაგედია მისთვის ცხოვრების დასასრულად არ იქცა, პირიქით, მუსიკამ მის ცხოვრებაში ახალი გზა გაკვალა.
ამ ამბის შემდეგ მას პიანინო შეუძინეს და მუსიკალურ სკოლაშიც შეიყვანეს. ცაბაძემ ხუთწლიანი სკოლა ორ წელიწადში დაამთავრა. ფორტეპიანოზე დაკვრასა და სიმღერასთან ერთად, გოგიმ მუსიკის წერაც დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
მუსიკალური ხუთწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა კონსერვატორიაში, იონა ტუსკიას ჯგუფში განაგრძო, თუმცა კონცერტების გამო, ხშირად უხდებოდა ლექციების გაცდენა და რადგან იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, სწავლას თავი დაანება. გოგიმ კონსერვატორია მოგვიანებით, მეუღლის თხოვნით, 32 წლის ასაკში დაამთავრა…
1956-1975 წლებში ის ფილარმონიის საესტრადო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ამავე პერიოდში შეიქმნა ანსამბლი „ორერა“, რომლის რეპერტუარსაც თვითონ გოგი ცაბაძე ქმნიდა. თბილისის ტრუბადურს ტყუილად არ უწოდებდნენ, ამ ქალაქზე უზომოდ იყო შეყვარებული: „თბილისში დავიბადე, თბილისში გავიზარდე. ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, ნახალოვკა, სვანეთის უბანი, საბურთალო – ძალიან ბევრი უბანია თბილისში და ყველა ერთიმეორეზე უკეთესი. არ შეიძლება, თბილისში ცხოვრობდე და ეს ლამაზი ქალაქი არ გიყვარდეს“ – ამბობს ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ბატონი გოგი.
მისი პირველი სიმღერა იყო „მარი,” რომელსაც მერი შილდელი ასრულებდა. ამას შემდეგ კომპოზიტორი ერთმანეთზე უკეთეს ნაწარმოებებს ქმნიდა. გოგი ცაბაძის შემოქმედება, ძირითადად, პეტრე გრუზინსკისა და მორის ფოცხიშვილის პოეზიას დაუკავშირდა. ისინი მისი განუყრელი მეგობრები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. მისი შემოქმედება მოიცავს 500-ზე მეტ სიმღერას, მათ შორის, ცნობილია: „მთაწმინდის მთვარე“, „თბილისის მუხამბაზი“, „ქუჩა-ქუჩა“, „მეფაიტონე“, „მიმღერე რამე” და სხვა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ოპერეტები და მიუზიკლები. მისი მუსიკა ჟღერდა ფილმებში: „მხიარული რომანი“, „მოიტაცეს თამარ ქალი“ და სხვა, თუმცა შედევრად უნდა ჩავთვალოთ „ვერის უბნის მელოდიები“, ფილმი, რომელიც გიორგი შენგელაიამ 1973 წელს გადაიღო: „არ მეგულებოდა ქართველ კომპოზიტორებსა და მუსიკოსებში ისეთი რანგის და მასშტაბის ხელოვანი, რომელსაც ასეთი დიდი არეალი ჰქონდეს შესაძლებლობის” – ამბობდა გიორგი შენგელაია. თურმე რეჟისორს ფილმზე მუშაობა უკვე დასრულებული ჰქონდა, რომ ბოლო ეპიზოდისთვის უცებ ახალი სიმღერის საჭიროება დაინახა. ამ დროს გოგი ცაბაძე ბათუმში ყოფილა, სასწრაფოდ დაუწერია და ოჯახში დაურეკავს, კაცი მოვა და გაზეთით რაღაცას მოიტანსო. აი, რა საოცარ ისტორიას იხსენებს ამ ეპიზოდზე გოგი ცაბაძის ვაჟი: „მართლაც მოიტანეს სახლში გაზეთში გახვეული რაღაც, გავხსენით და ჩაი აღმოჩნდა, მას ჩაი ძალიან უყვარდა, ყველა სჩუქნიდა, ეს გრძელი ფურცელი კი გადავაგდეთ, რეკავს გოგი, რა ქენით, მიიღეთ ეს ნოტებიო? თურმე ნოტები ყოფილა, სასწრაფოდ ამოვიღეთ ნაგვის ურნიდან, კიდევ კარგი, მაშინ ნაგვის მანქანა დილისკენ მოდიოდა, დედამ გაწმინდა, გააუთოვა და სასწრაფოდ გავუგზავნეთ ბატონ გიორგის” – სიცილით იხსენებს კომპოზიტორი კახა ცაბაძე.
გოგი ცაბაძე თბილისის საპატიო მოქალაქე თბილისობის დღესასწაულზე გახდა, თურმე სწორედ ამ დღისთვის თავად ჩაწერა სიმღერა „ჩემო თბილის ქალაქო”, რომელიც საბედნიეროდ, სამუდამოდ შემორჩა არქივს. აი, რას იხსენებს დიდი კომპოზიტორის ვაჟი: „დედაჩემს უთხრა, ანა კალანდაძე ლექსს იტყვის, ილიკო და ნინო იცეკვებენო და მე რა უნდა გავაკეთოო? დედაჩემმა უთხრა, უნდა იმღეროო, ასე ჩაწერა მამამ „ჩემო თბილის ქალაქო“ და მისი ნამღერი დღემდე შემოგვრჩა” – იხსენებს გოგი ცაბაძის შვილი კახა ცაბაძე.
აი, თურმე როგორ შეიქმნა ლეგენდარული სიმღერა „მეფაიტონე”, რომელსაც ბუბა კიკაბიძე ასრულებდა, თურმე ბუბას თავად მოუტანია ტექსტი გოგი ცაბაძისთვის და უთხოვია, სიმღერა დამიწერეო: „მახსოვს, ბუბამ მოიტანა მორის ფოცხიშვილის ლექსი, შესავლიანად და თავისი 20 სტროფით ისე იმღერა, მე და დედა გავოგნდით, თითქოს დიდი ხნის დაწერილი ჰქონდა, შეუცდომლად იმღერა თავიდან ბოლომდე”.
1986 წელს, ერთ-ერთი კონცერტის დროს, გორში, გოგი ცაბაძე სცენაზე შეუძლოდ გახდა, არადა, ამ კონცერტისთვის ისე ემზადებოდა – დაურეკავს ყველასთვის, ვისაც იცნობდა, ვინც უყვარდა და უთქვამს, ჩემს გვერდით უნდა იყოთო, თითქოს რაღაცას წინასწარ გრძნობდა. ხალხით სავსე დარბაზი, აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა, აკოცა შვილიშვილს, თათას, ეს თათასთვის ბაბუას ბოლო კოცნა იყო, ავიდა სცენაზე, მიუჯდა როიალს და იმღერა – „სულში ჟრუანტელი მივლის, ჩემი ქვეყნის სამშვიდობო დღე დგება”… უცებ ადგა, ხელი გულზე დაიდო და სცენიდან გავიდა. დარბაზი სავსე იყო, ხალხი კიბეებზე ისხდა, სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა და ასე, სცენაზე დაასრულა სიცოცხლე. „ელვის სისწრაფით გავრცელდა დარბაზში ინფორმაცია, ბატონი გოგი ცუდადააო. ყველა პროცედურა ჩაუტარდა, რაც უნდა ჩასტარებოდა, მაგრამ… საოცარი ის იყო, რომ მაყურებელი ადგილიდან არ დაიძრა. იქაურობა ისევ სავსე იყო. ხალხი იყო დარბაზში, ფოიეში, თეატრის უკანა მხარეს”- იხსენებდა მსახიობი კახა ბერიძე. ასე ლამაზად მხოლოდ გენიალური ადამიანები გადადიან მარადისობაში და წარუშლელ კვალს ტოვებენ.
და მაინც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ფურცლებზე მხოლოდ თავიანთი საქმეებით კი არა, გულის სითბოთი, ხმით, ღიმილით, ადამიანობის მაგალითით იბეჭდებიან. გოგი ცაბაძე სწორედ ასეთი იყო – არა მხოლოდ ხელოვანი, არამედ სინათლის მატარებელი მათთვის, ვინც მას იცნობდა, ისმენდა, ან უბრალოდ, ერთხელ მაინც მოჰკრა თვალი მის გულწრფელ ღიმილს.
მის მიერ ნაზად გადაკრული თითები კლავიშებზე დღემდე ჩვენს გონებაშია, თითქოს დრო გაჩერდა სადღაც „ვერის უბნის” მელოდიაში. არადა, კი მიიწევს წინ. ჩვენ ვაგროვებთ მის ნოტებს, ამბებს, ღიმილიან მოგონებებს, თითქოს გულის ფურცლებზე ვიწერთ, რომ არ დაგვავიწყდეს. მაგრამ ვიცით, „დრო ამ წუთებსაც გადააქცევს მალე მოგონებად”… და სწორედ იმ მოგონებაში იცოცხლებს მარად გოგი ცაბაძეც, ისე, როგორც ჟღერს სიმღერა, რომელიც გულიდან მოდის და არასდროს მთავრდება.