ნიტა ახლა 4 წლისაა, ბაღში დადის, იცის ბევრი ლექსი და ის, რომ როგორც ყველა ბავშვი, ისიც წერომ მოიყვანა. ყველაფერი მარტივია.
ნიტასგან განსხვავებით, ყველაფერი რთული იყო ნიტას დედისთვის – 10-წლიანი სხვადასხვა მეთოდით უშედეგოდ მკურნალობის შემდეგ წყვილი არჩევანის წინაშე დადგა. არჩევანი, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი პროცედურაა, გადაწყვეტილების მისაღებად ქართულ რეალობაში ძალიან რთული აღმოჩნდა. ნამდვილად თქვენი შვილი იქნება? ვის დაემსგავსება? სუროგატმა რომ აღარ მოგცეთ ბავშვი? – ამ და კიდევ მრავალ კითხვას პოტენციური მშობლებს ნათესავები ხშირად უსვამდნენ.
რა არის სუროგაცია
პირველი სუროგატი ბავშვი საქართველოში 2004 წელს დაიბადა და ამ გზით საქართველოში უკვე რამდენიმე ასეული ბავშვია დაბადებული. სუროგაციით ძირითადად ის ქალები სარგებლობენ, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო, ნაყოფის 9 თვე ტარება არ შეუძლიათ. ბიოლოგიური დედის კვერცხუჯრედიდან მიღებული ემბრიონი სუროგატი დედის სხეულში გადააქვთ, რომელიც ბუნებრივი ინკუბატორის როლს ასრულებს.
რა კავშირია სუროგატ დედასა და ბავშვს შორის?
სუროგატ დედასა და ნაყოფს შორის არანაირი გენეტიკური ან ნათესაური კავშირი არ არსებობს. მედიკოსების განმარტებით, ნაყოფი 9 თვის განმავლობაში სუროგატი დედის სისხლიდან მხოლოდ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს იღებს
როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში ექიმი ემბრიოლოგი ქეთევან ტუხაშვილის განმარტავს, სუროგატ დედასა და ნაყოფს შორის გენეტიკური კავშირი ვერ იარსებებს.
„სუროგატი დედის სხეულში უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადადის, რომელსაც მისი ბიოლოგიური მშობლების გენეტიკა მიჰყვება და სუროგატი დედის გენეტიკასთან არანაირი შერევა არ ხდება,“ – აცხადებს ექიმი ემბრიოლოგი.
რა უფლება აქვს ბავშვზე სუროგატ დედას
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლით, სუროგატი დედა ბავშვის დედად არ ითვლება. საქართველოს კანონის თანახმად, მას ბავშვის დედად დარეგისტრირების უფლება არ გააჩნია და დაბადების მოწმობაში მშობლებად ბიოლოგიური დედ-მამის მითითება ხდება.
სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც სუროგაციის პროცედურა ტარდება, მშობელსა და სუროგატს შორის წინასწარ იდება ხელშეკრულება, რომლის ერთ- ერთი პუნქტი მკაცრად განსაზღვრავს, რომ სუროგატს ბავშვზე არანაირი უფლება არ გააჩნია და დაბადებისთანავე ბიოლოგიურ მშობლებს უნდა გადასცეს.
რა პროცედურებია სუროგატის ასაყვანად საჭირო
საქართველოში სუროგაცია ნებადართული და ამავდროულად, სოლიდურ თანხებთან დაკავშირებული პროცედურაა.
„მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ სხვადასხვა პათოლოგიის გამო, ქალს არ შეუძლია დაორსულება ან ნაყოფის ტარება 9 თვის მანძილზე, შეუძლია, უკვე სუროგატის მომსახურებით ისარგებლოს. წყვილს აქვს საშუალება სამედიცინო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სუროგატით ისარგებლოს და ამ შემთხვევაში მომსახურება ფასიანი იქნება. შეუძლიათ ასევე ახლობლი ან ნათესავი მოიყვანონ და მათ მიერ შერჩეული ადამიანი იყოს სუროგატი დედა,“ – განმარტავს ქეთი ტუხაშვილი.
„ფორტუნა“ რამდენიმე კლინიკას დაუკავშირდა, სადაც პაციენტებს სუროგატის მომსახურებას სთავაზობენ. მომსახურება შემდეგნაირად გამოიყურება – სუროგატი დედის მომსახურების ფასი, საშუალოდ, 15 000 დოლარიდან იწყება, ამას ემატება ორსულობის პერიოდში ყოველთვიურად სუროგატის კვებისთვის გამოყოფილი 300 დოლარი, ტყუპების დაბადების შემთხვევაში სუროგატი დედა დამატებით კომპენსაციასაც იღებს.
ვის აქვს უფლება ისარგებლოს სუროგაციით
საქართველოს კანონის მიხედვით, სუროგაციით სარგებლობა მხოლოდ ცოლ- ქმარს შეუძლია. სუროგაციით ვერ ისარგებლებენ, როგორც ერთნაირი სქესის წყვილები, ასევე მარტოხელა პირები. საქართველოს მოქალაქე სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა უცხოელ ცოლ-ქმარსაც შეუძლია.
თამუნა გოგუაძე