“თუ დადასტურდება, რომ თუნდაც 1%-იანი სარგებელი არაკეთილსინდისიერად, უპირატესობით მინიჭებული აქვს „ქართულ ოცნებას”, მაშინ ყველაფერზე თანახმა ვართ” – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა დავითულიანმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას სურს, მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნას, რაშიც მათ უმრავლესობა ვერ გაყვება.
დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდი კატეგორიულად აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა ვერ მოხდება:
“ოპოზიცია ცდილობს ჩიხისკენ წაიყვანოს ეს პროცესი, რადგან ცალსახად და მკაფიოდ აცხადებს, რომ მათთვის ყოველგვარი არგუმენტის, დასაბუთებისა და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე ერთადერთი მისაღები გამოსავალია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ამაზე ჩვენ კატეგორიულად ვამბობთ, რომ ასე ვერ მოხდება.
გადავთვალოთ ნებისმიერი უბანი, გადავთვალოთ 1 500 უბანი – იყო ასეთი შეთვაზება. თუ დადასტურდება, რომ თუნდაც 1%-იანი სარგებელი არაკეთილსინდისიერად, უპირატესობით მინიჭებული აქვს „ქართულ ოცნებას”, მაშინ ყველაფერზე თანახმა ვართ. ისინი ამაზე არ მოდიან. მათ არ სურთ, რეალური სურათი დაანახონ საზოგადოებას, მათ სურთ მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნან და ამაში ვერ გავყვებით. თვითონ შეჰყავთ პროცესები ჩიხში. ჩვენ გამოსავალს ვთავაზობთ, რომელშიც ჩვენი აზრით, უნდა ჩაერთონ.” – თქვა ბექა დავითულიანმა.