LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსი ფარულ ჩანაწერებზე: მზად ვართ გამოძიების ყველა ეტაპზე პროკურატურასთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ

54
სუსიიი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყება მზადაა გამოძიების ყველა ეტაპზე პროკურატურასთან მჭიდროდ ითანამშრომლოს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას,“ – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

სუს-ის განცხადებით, მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიო მასალა გავრცელდა.

გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პირმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

 

magti 5g