საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩამოსვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.
„სააგენტოს განცხადება სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩამოსვლის თაობაზე.
გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად.
ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.