,,ყველა ფიქრობს, რომ უკაცრიელ კუნძულზე ჩარჩენით ბედნიერი იქნება, თუმცა ეს კარგად იქამდე ჟღერს, ვიდრე რეალურად ჩარჩები კუნძულზე.” – განუცხადა ,,ნიუ-იორკ თაიმსს” ოლივია დე ფრეიტასმა, სამხრეთაფრიკელმა ტურისტმა, რომელიც მალდივებზე მდებარე ზღაპრულ სასტუმროს ქმართან, რაულთან ერთად 22 მარტს ეწვია. წყვილმა საოცნებო მოგზაურობისათვის მთელი ცხოვრების დანაზოგი დახარჯა და მიუხედავად იმისა, რომ 22 მარტს ახალი კორონავირუსის გავრცელება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უკვე პანდემიად იყო გამოცხადებული, მაინც გაემგზავრა მალდივებზე არსებულ ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.
ახალდაქორწინებულები მალდივებზე ერთკვირიან საქორწინო მოგზაურობას გეგმავდნენ და მიუხედავად გარკვეული შეზღუდვების არსებობისა ჩათვალეს, რომ მათ მოგზაურობას არაფერი დაემუქრებოდა. თუმცა მათი ჩასვლიდან მალევე მალდივებზეც ამოქმედდა სამოგზაურო შეზღუდვები, რის გამოც დე ფრეიტასებმა სასტუმროს დატოვება ვერ შეძლეს. ისინი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 5 აპრილამდე იმყოფებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში სასტუმროს მზარეულები, ოფიციანტები და დანარჩენი პერსონალი მხოლოდ მათთვის მუშაობდა და შინ დაბრუნებას ვერ ახერხებდა. 5 აპრილს რაული და ოლივია სხვა სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც ისინი სამხრეთ აფრიკის მალდივებზე ჩარჩენილ სხვა მოქალაქეებს შეხვდნენ. საბოლოოდ მგზავრები იოჰანესბურგის მიმართულებით ნანატრ რეისზე მოხვდნენ და შინ დაბრუნდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, წყვილის დანახარჯების უდიდეს ნაწილს სამხრეთ აფრიკის მთავრობა გადაიხდის, რადგან შესაბამისმა სამსახურებმა მოქალაქეების სამშობლოში უფრო ადრე დაბრუნება ვერ შეძლეს.
სამხრეთაფრიკელი ცოლ-ქმრის ისტორიას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. იუზერების ნაწილის აზრით, დედამიწის სამოთხეში – მალდივებზე სამი კვირის გატარება ნებისმიერ შემთხვევაში ბედნიერებაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ძალიან რომანტიკული და დასამახსოვრებელი. სოციალური ქსელის მომხმარებელთა მეორე ნაწილი კი წყვილს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს – ისინი ხომ სამოგზაუროდ პანდემიის დროს წავიდნენ და არ გაითვალისწინეს არსებული რეკომენდაციები მოგზაურობისაგან თავის შეკავების შესახებ.