10 სექტემბრიდან საჯარო ღია სივრცეებში ქორწილებისა და ქელეხების აღნიშვნა ისევ იკრძალება. ამ თემას გამოეხმაურა ცნობილი ივენთმენეჯერი, თაკო დოლაბერიძე და სოციალურ ქსელში დაწერა:
„მაინტერესებს, ამ შაბათ-კვირას დაგეგმილ ქორწილებზე თანხები დახარჯული პროდუქტის, სასმელის, კაბების მომზადების რუტინული შრომის თანხებს ვინ აანაზღაურებს? არ აიკრძალა კონცერტები, პოლიტიკური საარჩევნო შეხვედრები, ეს კორონა ქორწილებში დაგვემართება? თუ იცის კორონამ ქორწილი, დაბადების დღე და სხვა თავშეყრის ადგილებში არ დადის?“
თაკო დოლაბერიძეს დავუკაშირდით, რათა მისი მოსაზრება ამ თემაზე უფრო ვრცლად მოგვესმინა.
თაკო:
რომ დაიწყო ეს პანდემია, პირველი გახლდით, ვინც გავვარდი და რესტორანი დავკეტე, მერე სახლშიც გამოვიკეტე, ყველა რეკომენდაცია შევასრულე, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ხომ იცოდნენ, რომ გახსნის შემდეგ ასე იქნებოდა? ვერ გააკონტროლებდნენ ხალხს. ქორწილი თუ არ შეიძლება შემთხვევების მატების გამო, კონცერტები რატომ არის დასაშვები? წინასაარჩევნო შეხვედრებსა და პოლიტიკურ პიარკამპანიებს კორონა გვერდს უვლის და ხედავს, რომელი ღონისძიებაა პოლიტიკური და რომელი არა?
ახლა ამ კვირაში მე მაქვს დაგეგმილი ორი ქორწილი. ხარჯი უკვე გავწიე, პროდუქტი უკვე ნაყიდია. აი, პარასკევს მაქვს ერთი ქორწილი, დღეს ოთხშაბათია, არ გადავიხადო დანახარჯი? დიზაინერმა რომ კაბა შეკერა, ოჯახმა თანხა არ უნდა გადაუხადოს?
გამოსავალს რაში ხედავ?
არავის არაფერი გაუჩერებია. მოსახდელია ეს ვირუსი და ალბათ, ყველამ უნდა მოვიხადოთ. ამოვიხოცოთ შიმშილით, ვალებით, პრობლემებით, ინფარქტმა დაგვარტყას? ან დაგვიბარონ და გვითხრან, რომ უნდა დაიხოცოთო. მირეკავს პატარძალი, ოჯახის წევრები და არიან გაგიჟებულები. არც ერთი ქორწილი არ გამიკეთებია შიდა სივრცეში. ყველაფერი მაქვს გარეთ.
ჩემი აზრით, გარე სივრცეში აღნიშვნის უფლება უნდა მოგვცენ. თერმოსკრინინგი გვაქვს. მაშინ ჩაკეტონ ყველაფერი და დაადონ ბოქლომი. ეს რეგულაცია ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო უკვე. ყველა მირეკავს, თუკი ვინმე არსებობს. წესიერად მაინც გაგვაგებინონ, რა ხდება. ხან ასე იტყვიან, ხან ისე. იმასაც არ ამბობენ, რომ საშინელი მდგომარეობაა. ასე მოუნდათ და დღეს დილას გამოვიდნენ და აკრძალეს ქორწილები. ჩვენც ადამიანები ვართ და უნდა შეგვხვდნენ და გაგვაგებინონ, რა გეგმა აქვთ.
ნინო მურღულია