LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ვადაჭკორია: „მე და თამთა შედანიამ ჩვენი შვილები დიდი ხნის წინ შევახვედრეთ ერთმანეთს… არ მინდოდა, დედმამიშვილებს ერთმანეთი შემთხვევით 25 წლის ასაკში გაეცნოთ…“

2168
თაკო და თამთა

მომღერალი თაკო ვადაჭკორია 11 წლის ბიჭის დედაა. თაკოს ყოფილი მეუღლისგან, ერეკლე მანგოშვილისგან შვილი ასევე ჰყავს „მის საქართველოს“ თამთა შედანიას. ერეკლესთან თამთაც განქორწინებულია. ამჟამად თაკოსა და თამთას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და რაც მთავარია, შვილებსაც ახვედრებენ ერთმანეთს.

თაკო ვადაჭკორიას საქმიანობისა და პირადის შესახებ შეკითხვები დავუსვით.

მომღერალი არაჩვეულებრივად გამოიყურება და იმასაც გვიმხელს, როგორ მიაღწია სასურველ ფორმას.

თაკო, შემოქმედებაში რა ხდება ახალი?

შემოქმედებით ცხოვრებაში რაც მთავარია – მყავს ბენდი. „ნოე ჟორჟოლიანის შოუში“ რა ბენდიც იყო, გადავედით ლაივ-კონცერტების რეჟიმზე. ეს ძალიან მახარებს, რადგან ბევრი წელი ბენდთან არ მქონია შეხება. ვფიქრობთ საავტორო სიმღერებზე. თავად ვწერ სიმღერებს.

საავტორო სიმღერები დღეს საქართველოში რამდენად კომერციულია?

მე კომპოზიტორობაზე არ მაქვს პრეტენზიები, ჩემი სიმღერები კონკრეტულ ემოციებსა და განცდებს უკავშირდება. რაც ალბათ უფრო კარგად იცის და ყურში უზის მსმენელს, ის მეტად მოსწონს, მაგრამ კარგად დაწერილი სიმღერაც შეიძლება, კომერციული გახდეს. ძველი სიმღერების ახალი ვერსიები უფრო ჰიტდება…

ძალიან კარგ ფორმას ინარჩუნებ, ეს მხოლოდ ვარჯიშით მიიღწევა?

უკვე მეოთხე წელია, აქტიურად ვვარჯიშობ. კორონას დაწყებამდე გადავწყვიტე, ცხოვრების სტილი და წესი შემეცვალა და მევარჯიშა. ერთი წელიც არ იყო გასული, კორონამ მომისწრო და იძულებული გავხდი, სახლის პირობებში გამეგრძელებინა. მერე ალერგია მქონდა გართულებული ფორმით და ექვსი თვე ვერ ვვარჯიშობდი. ახლა ისევ დავუბრუნდი ვარჯიშს და გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობა გავიუმჯობესე, ფორმასაც ვინარჩუნებ. ამას ხელს სწორი კვებითაც ვუწყობ. სამწუხაროდ, გვიან მიწევს დაძინება, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ვცდილობ, ღამის ორს არ გადავაცილო ხოლმე. დილას ბავშვი სკოლაში მიმყავს, ამიტომ ექვს საათზე მეტი ძილი არ გამომდის.

სახის კანიც კარგ მდგომარეობაში გაქვს. როგორ უვლი?

მყავს არაჩვეულებრივი კოსმეტოლოგი და სახის მასაჟისტი. ვიტარებ ხოლმე მასაჟის კურსებს. ჯერჯერობით ყოველგვარი ინიექციის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ნემსის არა, ალერგიული ფონის მეშინია. თანაც, არ მინდა, ჩემი ნაკვთები შეიცვალოს. ვცდილობ, სახის კანს ბუნებრივი გზებით მოვუარო. ჩემი კოსმეტოლოგი კარგ სახის კრემებს მთავაზობს.

შენი შვილი ახსენე. რამდენი წლისაა?

11 წლის, მაგრამ იმსიმაღლეა, ყველას ჩემი ძმა ჰგონია. 170 სმ და ფეხის ზომა 42 აქვს. ბევრი სახალისო ამბავი გვაქვს, როცა ერთად ვართ და დედას მეძახის. ხალხს ძალიან უკვირს (იცინის). დადის სკოლაში. ფლობს კარგად ინგლისურს, ახლა გერმანულს სწავლობს, ენებისადმი აქვს მიდრეკილება. ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობს. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში დადის კალათბურთზე.

სიმაღლით ვის დაემსგავსა?

მამას.

აქვს მამასთან ურთიერთობა?

კი, კონტაქტობენ, ჯერჯერობით მხოლოდ სატელეფონო ზარებით. ნორმალური ურთიერთობა აქვთ.

თაკო ვადაჭკორიას და თამთა შედანიას შვილები პატარაობისას 

როგორც ვიცი, შენი და თამთა შედანიას შვილები ურთიერთობენ კარგად…

ჩვენ ბავშვები ერთმანეთს დიდი ხნის წინ შევახვედრეთ. ხშირად ვერ ნახულობენ ერთმანეთს, მაგრამ ძალიან უყვართ ერთმანეთი. თამთას შვილი 9 წლისაა.

ძალიან მომხრე ვარ ამ ამბის. მე ვიყავი მათი შეხვედრის ინიციატორი, მინდოდა, ერთმანეთი გაეცნოთ. ბევრი რამ გადავაფასე. რაც უფრო მეტად ბრაზდები ცხოვრებაზე, ცხოვრებაც მეტად გიბრაზდება. ძალიან მარტივად ვუყურებ ყველაფერს. ვცდილობ, ყველაფერი პოზიტიური მხრიდან დავინახო. ვიფიქრე, 25 წლის ასაკში შემთხვევით გაცნობას, ჯობია, ბავშვობიდან იცნობდნენ დედმამიშვილები ერთმანეთს.

შენ და თამთას როგორი ურთიერთობა გაქვთ?

დაქალები არ ვართ, მაგრამ ადეკვატურად ვურთიერთობთ.

შენს პირად ცხოვრებაში ხომ არ გამოჩნდა მეორე ნახევარი?

განსაკუთრებული არაფერი ხდება. იმდენად ცუდი გრაფიკი მაქვს და იმდენად დაკავებული ვარ, მგონი, ესეცაა მიზეზი. უნდა ვაღიარო, რომ კარიერისტი ვარ. სულ კარიერისკენ ვიხრები. ალბათ, ჩემი გაძლება რთულია…

მამაკაცებისთვის მომღერალი მეორე ნახევარია რთული თუ რა მიზეზია?

შეიძლება, ასეა, მაგრამ გააჩნია მამაკაცს. თუ მამაკაცი საკუთარ თავში დარწმუნებულია, ძლიერია, შემდგარია, არ მგონია,ეს პრობლემა იყოს. ჩემთვის ურთიერთობა ნდობაზეა დაფუძნებული. ეჭვიან მამაკაცს ვერ ავიტან.

პირად ცხოვრებაში მიღებული გამოცდილება რას გასწავლის?

მომეწონებოდა ნამდვილი ადამიანი, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა. არ მინდა, ვინმე მერგებოდეს, მატყუებდეს და რაღაცას აკეთებდეს იმიტომ, რომ მე მომეწონება. მხიბლავს ურთიერთობები, სადაც არ გიწევს თამაში. ეს დეფიციტური ყოფილა. მე თავიდანვე ვაჩვენებ, რაც ვარ. აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი შემდგარი, ჩამოყალიბებული. საერთოდ არ მიტაცებს ჩემზე პატარა ან ჩემი ასაკის მამაკაცები. მომწონს ჩემზე უფრო, ჩამოყალიბებული კაცები, რომლებთან ურთიერთობაშიც თავს დედოფლად ვგრძნობ. ასეთი მამაკაცები მხიბლავს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები