გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალების დათვალიერების შემდეგ ნათლად ჩანს – თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიემართებოდა. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ვიდეოჩანაწერებში საეჭვო ფაქტორებიც გამოიკვეთა, რომლებიც აქამდე გამოძიებასაც არ ჰქონდა შემჩნეული. ამის შესახებ რამიშვილმა პროკურატურაში საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
“დაათვალიერეს ძალიან დიდი მასალა სათვალთვალო კამერებიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, სხვანაირად ვერ გადაადგილდებოდა ასე. გარდა ამისა, გეტყვით, რომ საეჭვო ფაქტორებიც შეინიშნება, ეს ნიუანსები აქამდე გამოძიებასც არ ჰქონდა შემჩნეული. 1 თვის განმავლობაში ყველაფერი ძალიან ზერელედ ხდებოდა. შესაბამისად, ამ ყველაფრის კონკრეტულად შესწავლა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე ვნახეთ ექსპერტიზის შუალედური პასუხები და თავიდან დაიკითხა თამარის დედა, იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი არსებითი მნიშვნელობის ფაქტები ახსენდება მას. მიმაჩნია, რომ გამოძიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
“ჩავთვალოთ გამოძიება თავიდან დაიწყო, თვის ბოლოს კონკრეტული პასუხები გვექნება” – მიხეილ რამიშვილი
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ოჯახის მოთხოვნით საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.
თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს