„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულ ჩიხში არიან შესული, აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება და ის, რასაც ისინი ამტკიცებენ არის წარმოუდგენელი,“ – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილიმა განაცხადა.
ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს, რომლებიც სასამართლო სხდომას ესწრებიან ურჩევს, რომ თუ რამის თქმა სურთ პროცესზე გააჟღერონ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს იმას, რომ მათი მტკიცების მიხედვით, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ურეკავს, ტელეფონი არ უნდა აიღოს. ეს აბსურდია. ამაში შევიდა მათი სამართლებრივი დასაბუთება. მეორეა მტკიცებულებები. საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები. საერთოდ, არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მათი პოზიცია არც მტკიცებულებებით არაა გამყარებული. ჩვენ გვაქვს მხოლოდ საქმიანი დამოკიდებულება. ვნახოთ ისინი როგორ მოიქცევიან.
მინდა ერთ რამეზე გავაკეთო აქცენტი – ბატონ ოხანაშვილს უთქვამს, რომ პროცესიდან გავიქეცით, ოხანაშვილს ვურჩევთ, თუ რამის თავი აქვთ პროცესზე გვეკამათოს. სამი დღეა ზის და საერთოდ ხმა არ ამოუღია სასამართლო პროცესზე, სამი დეპუტატი ზის და არაფერი უთქვამთ. ასე რომ, თუ რამის თავი აქვთ, პროცესზე გვითხრან”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.