LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟვანიას ანაზღაურებამ 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე 329, 520.55 ლარი შეადგინა

41

ცესკო-ს თავჯდომარეს, თამარ ჟვანიას, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329, 520.55 ლარი, ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ავრცელებს. ორგანიზაციამ დღეს 2011-2015 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, კომისიის ხელმძღვანელი პირებზე, წევრებსა თუ საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობები შეისწავლა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, სტატისტიკის შესწავლის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა.  კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური ოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება. მაგალითად, ზურაბ ხარატიშვილს, რომელიც 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა ცესკოს, ანაზღაურების სახით 320, 271 ლარი აქვს მიღებული. აქედან, თანამდებობრივი სარგო – 168,156 ლარი, პრემია – 82,322, ხოლო სახელფასო დანამატი – 69,793 ლარია. აღნიშნულ პერიოდში, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს 90.5% შეადგინა.

რაც შეეხება ცესკოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, ISFED-ის ინფორმაციით, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით მას მიღებული აქვს 329, 520.55 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო – 165,123.55 ლარი, პრემია – 66,762 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი – 97,635 ლარი. აღნიშნულ პერიოდში, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99.6% შეადგინა.

ISFED-ის ინფორმაციით, პრემიებისა და დანამატების გაცემის სისტემა მსგავსია ცესკოს სხვა თანამდებობის პირებისა თუ წევრების შემთხვევაშიც. მაგალითად, 2011 წლიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით კირთაძეს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 346,869.50 ლარი.  პრემია და დანამატი ერთობლივად თანამდებობრივი სარგოს 101.2% არის.

2013 წლის დეკემბრიდან ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გიორგი შარაბიძე დაინიშნა. 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, მას ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 218,775.36 ლარი. აქედან პრემიამ და დანამატმა თანამდებობრივი სარგოს 88.5% შეადგინა. ანგარიშში ნაჩვენებია, რომ მსგავსი ტენდენციებით ხასიათდება ცესკოს მდივნისა და დანარჩენი 10 არახელმძღვანელი წევრის ანაზღაურება.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში, კონკრეტული რეკომენდაციებია წარმოდგენილი. ორგანიზაციია მიიჩნევს, რომ, მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განისაზღვროს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისა და თანამშრომლების მიერ პრემიებისა და დანამატების მიღების პერიოდულობა, საფუძველი და ოდენობა; ასევე უნდა განისაზღვროს პრემიის და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით. აუცილებელია შემცირდეს არასაარჩევნო პერიოდში გაცემული პრემიების და დანამატების ოდენობა, ხოლო საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული სარგოს ფონზე არ უნდა ხდებოდეს დანამატის გაცემა. წახალისებას, პრემიების სახით არ უნდა ეძლეოდეს სისტემატური ხასიათი, არამედ, დაფუძნებული უნდა იყოს თანამშრომლის განსაკუთრებულ დამსახურებასა და კონკრეტულ საფუძველზე,“ – აცხადებს ბენიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g