3 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ ოპერის მომღერალი თამარ ივერი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ მუსიკალურ პრიორიტეტებსა და საყვარელ კომპოზიციებზე ისაუბრა.
– თამარ, რა პრინციპით შეარჩიეთ საყვარელი კომპოზიციების შვიდეული?
– სიმართლე ვთქვა, ძალიან გამიჭირდა, რადგან ძალიან ბევრი შემსრულებელი და უამრავი მუსიკალური ნაწარმოები მომწონს.
არია Casta Diva ვინჩენცო ბელინის ოპერიდან „ნორმა“
საოპერო მუსიკის შედევრად მიჩნეული არია მეტად სიმბოლურია ჩემთვის, რადგან პირველად მამამ მომასმენინა. ბავშვობაში მსახიობობაზე, ესტრადის მომღერლობაზე ვოცნებობდი, მამა კი, თვლიდა, რომ საოპერო ხმა მქონდა და სურდა ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. სწორედ ნორმას კავატინა მომასმენინა, რომელიც ისე ძალიან მომეწონა, პრაქტიკულად მისი ხათრით გადავწყვიტე ოპერის მომღერლობა. სხვათა შორის, არია ჩვენს პატრიარქსაც ძალიან უყვარს. მასთან სტუმრობისას შესრულებაც კი მთხოვა, თუმცა ვერ გავბედე, რადგან ძალიან მოუმზადებელი ვიყავი. არაჩვეულებრივად ასრულებს არიას მონსერატ კაბალიე, თუმცა ჩემთვის ბევრად შთამბეჭდავი გენიალური ავსტრალიელი პრიმადონას ჯოან საზერლენდის შესრულება აღმოჩნდა.
Patsy Cline – Crazy
ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში მუშაობისას, როცა მოცარტის ოპერიდან “ტიტუსის გულმოწყალება“ ტიტუსის პარტიის ვასრულებდი, ძალიან ვიღლებოდი და საღამოობით ტელევიზორში ფილმების ყურებით ვისვენებდი. სწორედ მაშინ ვნახე ბიოგრაფიული ფილმი პეტსი კალინზე, რომელსაც ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა და ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში. უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჩემზე ამ ქალბატონის შემოქმედებამ და მეტად ექსპრესიულმა, ემოციურმა შესრულების მანერამ. ძალიან მომეწონა სიმღერა Crazy, რომელიც გარკვეულწილად ჩემს ცხოვრებასაც ერგება, რადგან ცოტა შეშლილი თუ არ ხარ, ნამდვილად ვერ შეძლებ სცენაზე სხვადასხვა როლის მორგებას.
Queen – Bohemian Rhapsody
Queen-ის მუსიკაზე გავიზარდე, ყოველთვის ძალიან მომწონდა ფრედი მერკური, რომელიც მართლაც უნიკალურ მოვლენად იქცა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, რადგან საოცარი ხმა და არაჩვეულებრივი იმპროვიზაციის უნარი ჰქონდა. ნამდვილ შედევრად შეიძლება ჩაითვალოს Bohemian Rhapsody, რომელმაც პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჟანრი გააერთიანა.
უვერტიურა პიეტრო მასკანი ოპერიდან „სოფლის ღირსება“
დედას უსაყვარლესი მელოდიაა, ამიტომ მეც ძალიან მიყვარს. მეტიც, მისი მოსმენისას მთელი ჩემი ცხოვრება მახსენდება.
Frank Sinatra – my way
ზოგადად, ძალიან მიყვარს მომღერლები, რომელთა ხმასთან რომელიმე ქვეყანა ასოცირდება. ხშირად ამბობენ, რომ მარია კალასის ხმით მთელი საბერძნეთი მღერის, იგივე განცდა მეუფლება თემურ წიკლაურის მოსმენისას, რადგან ვთვლი, რომ სწორედ მისი ხმით მღერის ჩვენი ქვეყანა. ბევრი ამერიკელი მომღერალი მომწონს, თუმცა ამერიკასთან მხოლოდ ფრენკ სინატრა ასოცირდება, რომელიც ჩემთვის ამერიკის ხმადაა ქცეული, რადგან მისი მოსმენისას ვირტუალურად მეც ყოველთვის ამერიკაში, ნიუ-იორკში ვმოგზაურობ.
ლუჩანო პავაროტი – არია უმბერტო ჯორდანოს „ფედორა“
მართალია, იტალიელები ენრიკო კარუზოს მიიჩნევენ ქვეყნის ვოკალურ სიმბოლოდ, მაგრამ ჩემთვის მაინც ლუჩანო პავაროტია იტალიის სიმბოლო. რა თქმა უნდა, იტალიელებს უამრავი გენიალური ტენორი ჰყავდათ უძლიერესი ხმით და ბრწყინვალე შესრულების მანერით, თუმცა მე მაინც პავაროტი მომწონს ყველაზე მეტად, რადგან მისი მოსმენისას ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს ცუდ ამინდშიც მზე ამოდის და ცა ნათდება.
ჰამლეტ გონაშვილი – „დაიგვიანე“
მართალია, ქართველებს ბევრი ბრწყინვალე საოპერო და საესტრადო შემსრულებელი გვყავს, მაგრამ ჩვენი გენი მაინც საგალობლებში და ხალხურ სიმღერებშია, რადგან სწორედ ფოლკლორით გამოიხატება ჩვენი ფენომენალურობა. ვფიქრობ, ჰამლეტ გონაშვილი სწორედ ის უბადლო შემსრულებელია, რომელსაც ვერავინ შეედრება მსოფლიოში. ჩემთვის ის შეუდარებელი,ზეციური ადამიანია, რომლის მოსმენა ყოველთვის სიამოვნებით და სითბოთი მავსებს.
ადრიანა ლეკუვრერის პარტია ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი არიაა, რომელსაც მუდმივად ვმღეროდი საქართველოში გამართულ კონცერტებზე, რადგან ყოველთვის განსაკუთრებული წარმატება მოჰქონდა. ერთმა ხელოვანმა ხუმრობით ისიც კი, მითხრა, “სიკვდილის წინ უნდა დავიბარო, რომ ჩემს პანაშვიდზე სწორედ თამარ ივერის ეს არია ჩართონო”.
ადრიანა ლეკუვრერის არია ფრანჩესკო ჩილეას ოპერიდან “ადრიანა ლეკუვრერი” თამარ ივერის შესრულებით