LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ პატარაია: „დედამ ჩემი უფროსი ძმა სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა…“ – ექსკლუზიური ინტერვიუ ლელა კაკულიას ქალიშვილთან

4305
თამარ პატარაია

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას უმცროს ქალიშვილს, თამარ პატარაიას, დედასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა აქვს. ისინი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ…

პატარაობიდანვე იცოდა, რომ დედას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. მათ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ლელა კაკულიას რჩევებს ეკითხებოდნენ. ყველაზე მძაფრად თამარს ერთი ეპიზოდი აქვს ჩარჩენილი მეხსიერებაში — როცა ზურაბ ჟვანია ლელა კაკულიას კაბინეტიდან აწითლებული გამოვარდა. როგორც თამარი იხსენებს, დედამ მას უთხრა, რომ თუ პოლიტიკიდან არ წავიდოდა, მომავალში ვეღარ ხედავდა…

თამარ პატარაიასთან ინტერვიუ fortuna.ge-მ ექსკლუზიურად ჩაწერა.

— თამარ, როგორია, იყო ლელა კაკულიას შვილი  — რა სირთულეები ახლავს ამას და რა სიმარტივეები?

— ბავშვობიდან დავიწყოთ. მაშინაც ასეთივე ვიყავი, როგორიც ახლა ვარ. ეს დედას ხასიათია — ის ყოველთვის პოზიტიური იყო და უყვარდა ადამიანებთან კონტაქტი. ახლა დაიღალა, ასაკმაც თავისი გააკეთა და ნერვიულობამაც…

მეც და ჩემი ძმებიც საკმაოდ გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანები ვართ, დაძაბულობა, უხერხულობა და დისკომფორტი არასდროს გვიგრძნია.

ბაღში არ მივლია, რადგან, რომ მიმიყვანეს, მეორე-მესამე დღეს მასწავლებელმა ისე მიყვირა, რომ იქ მისვლა აღარ მოვინდომე და არც დედამ დამაძალა. სამწუხაროდ, მასწავლებელს შეცდომით ეგონა, რომ რაღაც დავაშავე. იმის მერე სახლში მოდიოდა აღმზრდელი — ისეთი, ბევრ ბაღს რომ პედაგოგი არ ჰყოლია. სკოლაში რომ მივედი, მხოლოდ ქართული კი არა, რუსული ანბანიც ვიცოდი და ამ ენაზე საუბარიც შემეძლო.

მერე სიმღერაზე შემიყვანეს თინიკო ჭოხონელიძის სტუდიაში, სადაც  დედაჩემის მეგობრების შვილებიც დამხვდნენ. ასე რომ, მთლად იზოლირებულიც არ ვყოფილვარ, ჩვეულებრივად ვიზრდებოდი.

— შენ რომ ბაღში დადიოდი, ქალბატონ ლელას მაშინაც  ისევე იცნობდნენ, როგორც დღეს?

— კი, უკვე ძალიან ბევრი იცნობდა. მერე, როცა სკოლაში მიმიყვანეს, იქ მცირე ბულინგის მსხვერპლიც კი გავხდი ამ ცნობადობის გამო. ალბათ, ეს უნებლიეთ ხდებოდა — ბავშვები იმას იმეორებდნენ, რაც ოჯახში ესმოდათ. მათ, რაღა თქმა უნდა, არ იცოდნენ, ვინ იყო ლელა კაკულია და უფროსების გავლენით, მკითხავი ეგონათ. რაღაცებს დამცინავად მეკითხებოდნენ…

ყოველდღიურად ისეთ გარემოში ვცხოვრობდი, ამან ხასიათი გამიძლიერა. სკოლაში მეგობრებსაც ალაგ-ალაგ ვიძენდი. მედალს ორი მხარე აქვს. ცალმხრივად არ მიყვარს ადამიანების განსჯა. შესაძლოა, მათთვის მე ვიყავი უცნაური, შესაძლოა, ცოტა მეც ჩავიკეტე სკოლაში და ვერავისთან ვნახე საერთო. არც მე ვიცოდი, როგორ უნდა მეკონტაქტა მათთან და არც მათ იცოდნენ, როგორ მომდგომოდნენ. ხშირად მიტირია მათი მავნე საქციელისა და ვითომ „ხუმრობების“ გამო, მაგრამ, ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი.

— პირველად როდის მიხვდი, რომ დედას წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს?

— შეიძლება ითქვას, დაბადებიდან ვიცოდი. ჩვენთან, სახლში, ისეთი ინტელიგენცია და ელიტა მოდიოდა დედასთვის რჩევების საკითხავად, რომ…

არ მახსენდება, რომ დედას ოდესმე ჩემთვის აეხსნას, რა ნიჭი ჰქონდა, თითქოს თავად ვიცოდი და კითხვებიც არ გამჩენია. ჩემით ვხვდებოდი ბევრ რამეს, სხვების უთქმელად.

— შენ გაქვს ეს ნიჭი?

— დედა ამბობს, რომ მაქვს და ამ ნიჭს თრგუნავს ჩემში. ადრე სულ მიკვირდა, რატომ. ახლა კი ვხვდები, რომ ამ უნარის გამო, რომელიც დედას დაბადებიდან დაჰყვა, მისი ცხოვრება მარტივი არ იყო. წარმოიდგინეთ, რა რთულია, როცა ადამიანზე ყველაფერი იცი, ის კი პირდაპირ გატყუებს და შენ ვერაფერს, ან არაფერს ეუბნები. ალბათ, დედას არ უნდოდა, რომ ეს მძიმე მომენტები მეც განმეცადა. არაერთხელ უთქვამს, ჯერჯერობით ვბლოკავ და ვკეტავ ამ უნარს შენშიო.

— შენს ძმებსაც აქვთ ეს უნარი?

— არა. როგორც დედა ამბობს, ეს ნიჭი გენეტიკური არ არის.

— თავად გინდა, რომ წინასწარმეტყველების უნარი გქონდეს? ან რამეს ამჩნევ საკუთარ თავს?

— კი ვამჩნევ, მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა. დედა ამბობს, რომ ის მოვლენებს კადრებად ხედავს,  ისე, როგორც ტელევიზორში. მე ასე არ ვხედავ, უბრალოდ, აზრებად მომდის თავში. რაღაცაზე რომ მგონია, ჩემი პირადი აზრია-მეთქი, მერეღა ვხვდები, რომ სინამდვილეში ეს წინასწარი ინფორმაციაა. ზოგჯერ მიჭირს ამის გარჩევა.

მაგალითად, ჩემს მეგობარ ენდოკრინოლოგთან გავიარე სამსახურში, ერთად უნდა წავსულიყავით სადღაც. 13 წლის პაციენტი ჰყავდა, რომელსაც სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა. სანამ დედამისი ექიმს ამ პრობლემებს აცნობდა, უცებ თავში აზრად მომივიდა, რომ ბავშვს ჰორმონალური კი არა, უფრო თვალებთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებდა.

არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევა, მაგრამ ვერ მოვითმინე და პაციენტის დედას ვთხოვე, შვილი თვალის ექიმთან წაეყვანა. როცა წავიდნენ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, ყველაფერი სწორად უთხარი, ფაქტობრივად, არ იყო ეგ ბავშვი ჩემი პაციენტიო.

ხშირად ისეც ხდება, ადამიანს ჩემთვის რაღაცის კითხვა უნდა, მე კი მანამ ვაძლევ პასუხს, სანამ შემეკითხება.  ზოგჯერ რაღაცას ვიტყვი, მგონია, რომ ამ დასკვნამდე ლოგიკური მსჯელობითა და ანალიზით მივედი, მაგრამ მერე აღმოვაჩენ ხოლმე, რომ არც მიფიქრია და არც გამიანალიზებია არაფერი — უბრალოდ პირდაპირ მითქვამს „საიდანღაც“ მოსული ინფორმაცია.

— ქალბატონი ლელა შვილებს თქვენთან დაკავშირებულ ხილვებს გიმხელთ? მისთვის რთული არ არის ეს ყველაფერი?

— დედა ყოველთვის გვთხოვს, გავაფრთხილოთ, როცა ქალაქგარეთ მივდივართ. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და შესაბამისად, ყოველთვის ვეუბნები, როცა სახლიდან გავდივარ, თუნდაც მაღაზიაში.

ერთხელ ჩემი ძმა ისე წავიდა ბაკურიანში ოჯახთან ერთად, რომ დედასთვის არ უთქვამს, ალბათ, დაავიწყდა. ავარია შეემთხვევათ, საკმაოდ მძიმე, მაგრამ ყველა გადარჩა. ჩემი ძმა და რძალი დაშავებულები კი იყვნენ, მაგრამ დედას ენერგიით საოცრად სწრაფად გაუარათ ყველაფერმა და მალევე დადგნენ ფეხზე. დედამ თქვა, რომ ეკითხათ, იმ დღეს არ გავუშვებდიო.

სხვათა შორის, ერთხელ მეც დამემართა ასე — დედა არ გავაფრთხილე, ისე წავედით მე და ჩემი მეუღლე ურეკიდან ფოთში. ავარიაში მოვყევით. მართალია, არანაირად არ დავშავებულვართ, მაგრამ დედა რომ გამეფრთხილებინა, შეჯახებასაც ავიცილებდით თავიდან.

საქმე ისაა, რომ დედას ენერგია გამუდმებით „მუშაობს“ და ნებისმიერ შემთხვევაში გვიცავს, მაგრამ მაინც სჯობს, უთხრა, რას აპირებ. დედამ შესაძლოა არც კი გაგვიმხილოს, თუ რამ საფრთხეა მოსალოდნელი, უბრალოდ ჩუმად, უთქმელად აგვარიდოს საშიშროება. როგორც წესი, ასეც ხდება ხოლმე.

მოკლედ, დედა რომ არა, ეს ავარიები ფატალურად შეიძლებოდა დასრულებულიყო.

— შენი უფროსი ძმა სიკვდილს როგორ გადაურჩა?

— მაშინ მე 13-14 წლის ვიყავი. შოთა ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა. 2008 წლის ომის შემდეგ სამსახურიდან რუსული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოსატანად გაგზავნეს, რომლებიც საჯაროდ უნდა გამოეფინათ კრემლის აგრესიის დასტურად. სამწუხაროდ, რაკეტების ჩამოვარდნის ადგილი რადიაციითა და მძიმე ლითონებით აღმოჩნდა დაბინძურებული და ჩემი ძმა სერიოზულად მოიწამლა — იმდენად სერიოზულად, რომ ჯერ თირკმელები გაეთიშა, მერე ღვიძლი, ბოლოს კი ტვინიც.

აქაურმა ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, პრაქტიკულად, ხელი ჩაიქნიეს. მაშინ იყო, რომ დედას ძალიან ახლო მეგობარმა ფინანსები გამოყო და შოთა გერმანიაში, ერლანგენის კლინიკაში გადააფრინეს — სპეცრეისი ჩამოფრინდა მის წასაყვანად, იქაური ექიმებითა და რეანომობილით.

ერლანგენის კლინიკა უმაღლესი კლასის, ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო ცენტრია მთელ გერმანიაში, მაგრამ იქაურმა სპეციალისტებმაც კი თქვეს, რომ გადარჩენის ერთი პროცენტიც  კი არ არსებობსო. გაგვაფრთხილეს, ვერაფრის იმედს ვერ მოგცემთო…

მთელი ამ ხნის განმავლობაში დედა თავისი ოთახიდან არ გამოსულა. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ძალიან დაძაბული იყო, აშკარად რაღაც ხდებოდა მის თავს. როგორც მერე გავიაზრე, შოთას აძლევდა ენერგიას და ამ ენერგიით გამოიყვანა კიდეც უმძიმესი მდგომარეობიდან — პრაქტიკულად მკვდარი გააცოცხლა!

ჩემი ძმა რომ გონს მოვიდა, თვალი გაახილა  და ფეხზეც  წამოდგა, იმ დღეს იწამეს ღმერთი გერმანელმა ექიმებმა. არ ვაჭარბებ, თავად თქვეს ასე — ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, ღმერთს უთხარით მადლობაო.

— ამის შემდეგ ქალბატონი ლელა სუსტად იყო?

— რა თქმა უნდა. ადვილი ხომ არ არის, ადამიანი სიკვდილს გამოგლიჯო ხელიდან, თანაც შვილი!

სხვათა შორის, როგორც მერე შოთამ დედას უთხრა, სანამ ღრმა კომაში იყო, თურმე, გამუდმებით ხედავდა დედას — მხოლოდ დედას, და მისი ხმა ესმოდა.

— დედის წინასწარმეტყველებებს შენც ქალბატონი ლელას ფეისბუქ-გვერდზე ეცნობი?

— კი, მართლა ასეა. ზედმეტად არ ვაწუხებთ შეკითხვებით, რომ არ დავღალოთ. ოჯახში ორჯერ გადავიტანეთ კოვიდი და ახლა ცდილობს, ყველა ჩვენგანზე დახარჯული ენერგია აღიდგინოს.

რამდენიმე წლის წინ დედამ იწინასწარმეტყველა, ვხედავ, დედამიწა ავადდება და მეც მასთან ერთად ვხდები ავადო. თუმცა იქვე აღნიშნა,  პლანეტაც განიკურნება და მეც გამოვჯანმრთელდები — ვხედავ, მცენარესავით ამოვდივარ მიწიდან და წელში ნელ-ნელა ვიმართებიო.

ასე რომ, ახლა ეს პერიოდი აქვს და ძალიან ვუფრთხილდებით.

— რატომ არ ჩნდება ბოლო დროს არსად?

— იმიტომ, რომ ასე აქვს თავად ნაწინასწარმეტყველები. ბევრი წლის წინ თქვა, დადგება დრო, როცა გავჩუმდები და არაფერს ვიტყვიო — არა იმიტომ, რომ ხედვები აღარ აქვს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ასეა საჭირო.

თანაც, დედას არ უყვარს ტელევიზიით გამოჩენა, გადაღებებს ყოველთვის დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგღა თანხმდება ხოლმე — ცალკე ტელევიზიების  მხრიდან და ცალკე — ოჯახის წევრებისა და ახლობლებისა.

თუმცა ხალხს, საქართველოს, მაინც ეხმიანება ხოლმე — „ფეისბუქზე“, ძველი ჩანაწერების პარალელურად,  პერიოდულად ახალი წინასწარმეტყველებებიც ქვეყნდება.

სულ ახლახან იწინასწარმეტყველა: ვხედავ, ინთება ახალი ვარსკვლავი, იხსნება ახალი კარი კოსმოსში, წინასწარმეტყველებები წამოვა ოკეანესავით და მეც, ახლა რომ დაყუდებული ბერივით ვდუმვარ, ისევ ავლაპარაკდებიო.

ასე რომ, მისი, ასე ვთქვათ, გაუჩინარება, დროებითია.

— ქალბატონ ლელას  შენს პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებით  საინტერესო წინასწარმეტყველება აქვს

— რომელიც დედას მარჯვენა ხელმა და უკვე ჩვენი ოჯახის წევრმა, დავით კვირკველიამ გაამჟღავნა სახალხოდ, რაც სულაც არ მინდოდა. დავითმა „გამყიდა“ და ერთ-ერთ ტელეგადაცემაში თქვა, ქალბატონმა ლელამ იწინასწარმეტყველა, რომ თამარი  საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრიაო (იღიმის).

რაღა თქმა უნდა, დედას ეს ჩემთვისაც ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ნამდვილად  არ მინდა არც პრემიერობა და არც პოლიტიკაში მოსვლა.

სულ პირველად რომ მითხრა დედამ, პრემიერ-მინისტრი იქნები მომავალშიო, თავზარი დამეცა. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა ერის წინაშე, ამას მხოლოდ  კარგი განათლება არ ჰყოფნის, სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდილებაცაა საჭირო. ხომ იცით, როგორია დამოკიდებულება, ცუდი ამინდიც კი მთავრობის ბრალია ხოლმე (იღიმის).

დედა დროს არასდროს აკონკრეტებს და არც ამ შემთხვევაში უთქვამს, როდისაა მოსალოდნელი ჩემი გაპოლიტიკოსება. იმედია, ახლო მომავალში — არა. ასე მაწყობს, რაც უფრო შორს  იქნება ეს პერიოდი, მით უფრო კარგად მოვემზადები.

პრემიერობა ჩემთვის ნამდვილად არ იქნება არც მხოლოდ „სკამი“ და არც კომფორტი. პირიქით, ეს იქნება უმძიმესი და უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთი. შეიძლება, ის წლები არც მეძინოს…

სიმართლე გითხრათ, ამ წინასწარმეტყველების შემდეგ, პასუხისმგებლობის დონიდან გამომდინარე, ერთგვარად დავითრგუნე კიდეც. იმედია, ეს განწყობა შემეცვლება. თუმცა, რაც გვიწერია, არ აგვცდება.

— სახლში პრემიერები და პრეზიდენტები გინახავს?

— მე თავად ბევრჯერ ვარ ნამყოფი ედუარდ შევარდნაძის სახლში. ნანული შევარდნაძე დედას მეგობარი იყო და ხშირად ვისვენებდით მასთან ერთად შეკვეთილში. ნანული ძალიან მიყვარდა და მასაც ძალიან ვუყვარდი.

რაც შეეხება მიშა სააკაშვილს, ის ჩვენთან ნამდვილად არ მინახავს…

სამაგიეროდ მინახავს სხვა არაერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის, ზურაბ ჟვანიაც.

სხვათა შორის, დედამ  ის გააფრთხილა კიდეც, დატოვე თანამდებობა, თორემ მომავალში ვეღარ გხედავო. ბატონი  ზურა მაშინ ისე დაიზაფრა, დედას კაბინეტიდან აწითლებული  გამოვარდა. ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ძალიან დაბნეული იყო. ამას, ჩემ გარდა, სხვებიც შეესწრნენ.

სამწუხაროდ, ჟვანიამ დედას ნათქვამი არ, ან ვერ გაითვალისწინა, არ ვიცი.

ასევე გააფრთხილა ჩვენი პირველი პრეზიდენტიც.  დედამ ზვიად გამსახურდიას პირადად უთხრა, სასწრაფოდ დატოვე საქართველო, საერთოდ გასცდი კავკასიის საზღვრებს, რომ საფრთხე აიცილოო, მაგრამ…

რას იზამთ, უჭირთ ადამიანებს ასეთი წინასწარმეტყველების მიღება.

— დღეს ლელა კაკულიას მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს ისევ ხვდები, როგორც ეს ბავშვობაში იყო?

— სხვათა შორის, მხოლოდ კანტიკუნტად. მარტო უფროსმა კი არა, ჩემმა თაობამ და ჩემზე პატარებმაც კი ირწმუნეს მისი ფენომენი, ძალიან უყვართ და პატივს სცემენ დედას. ქუჩაში სამი-ოთხი წლის ბავშვებიც კი ცნობენ. როგორც ჩანს, მათ ოჯახებში კარგი დამოკიდებულებაა ლელა კაკულიას მიმართ.

დედასადმი დამოკიდებულება განსაკუთრებით შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ — არ მჯერა, სისულელეა და რას იგონებსო, რომ წერდნენ, ის ადამიანები ახლა ბოდიშებს იხდიან.

ჯერ კიდევ 1992 წელს დაწერა დედამ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომს ხედავდა, მათი შეჯახება გარდაუვალიაო, წერდა. ეს წინასწარმეტყველება 2022-ში ახდა, რასაც ზოგი, ალბათ, არც ელოდა.

ამ ომში რუსეთი დამარცხდება, მერე კი დაქუცმაცდება, რაც, დედას თქმით, ასევე გარდაუვალია. მაგრამ წინ მესამე მსოფლიო ომი გველოდება, რომელსაც დედა „რელიგიურ ომს“ არქმევს. ეს იმიტომ, რომ ომის ტალღა მუსლიმური ირანიდან აგორდება ქრისტიანული სახელმწიფოების წინააღმდეგ.

თუმცა დედა ყოველთვის ამბობს, რომ საქართველოს ეს ომი არ შეეხება, როცა მსოფლიო ირევა, საქართველო მაშინ მშვიდდება და წყნარდებაო, ასე წერს.

— რუსეთის დამარცხება, ალბათ, ბევრი ჩვენგანისთვის ყველაზე სასურველი წინასწარმეტყველებაა მათ შორის, რაც კი ლელა კაკულიას უთქვამს

— რა თქმა უნდა! როგორც დედა ამბობს, რუსეთს ისეთი პერიოდი დაუდგება, რომ მისი ჯარი ქართული მიწებიდან უკანმოუხედავად გაიქცევა საკუთარი ტერიტორიების დასაცავად.

— ანუ, ტერიტორიებს ვიბრუნებთ.

— აუცილებლად ვიბრუნებთ! თანაც არა მარტო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რომლებსაც რუსეთი თავისი ხელით დაგვიბრუნებს , არამედ წარსულში დაკარგულ მიწებსაც — გაჩუქებულს, ჩამოჭრილსა თუ წართმეულს.

ცნობილი წინასწარმეტყველის მიღმა, როგორი დედაა ქალბატონი  ლელა და შენ როგორი შვილი ხარ მისთვის?

— დედა ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია. ძალიან გამგები. არცერთ შვილს არ გვქონია მასთან რაიმეს თქმის, რაიმეზე საუბრის პრობლემა.

— შენს გათხოვებას როგორ შეხვდა, წინააღმდეგი ხომ არ იყო?

— არა. აქეთ შემოგვთავაზა, თუ გინდათ, დაოჯახდითო.

— შენი მეუღლისთვის როგორია, რომ მისი სიდედრი ლელა კაკულიაა?

— როგორია და ძალიან კმაყოფილია. დედასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ჩემს მეუღლესაც და მის მშობლებსაც. ძალიან შეხმატკბილებულები ვართ მთელი ოჯახი. ერთმანეთის სიყვარული გვაერთიანებს — დედას სიყვარული და მისი არსებობა.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები